16 ნოემბერი 2024,   06:37
ვრცლად
როგორ აღმოჩნდა საქართველოში მსჯავრდებული ზურაბ ადეიშვილი გერმანიის ბუნდესტაგში საპატიო ლოჟაში - რა განმარტება გააკეთა გერმანიის საელჩომ "რუსთავი 2-სთვის" მიცემულ წერილობით განცხადებაში

როგორ აღმოჩნდა საქართველოში მსჯავრდებული, უკრაინაში დაწინაურებული ზურაბ ადეიშვილი, გერმანიის ბუნდესტაგში საპატიო ლოჟაში? - "რუსთავი 2-სთვის" მიცემულ წერილობით განცხადებაში საელჩო განმარტავს, რომ გერმანიაში არ არსებობდა სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპებზე დაფუძნებული მიზეზი იმისათვის, რომ ადეიშვილისთვის პარლამენტში შესვლა აეკრძალათ. განცხადებაში წერია, რომ ფაქტი გერმანიასა და საქართველოს შორის ურთიერთობას არანაირად არ უკავშირდება.

დიპლომატიური მისია განმარტავს, რომ ადეიშვილი 22 თებერვალს სტუმრებისთვის განკუთვნილ ტრიბუნაზე იმყოფებოდა, როგორც უკრაინის ელჩის დელეგაციის წევრი. თუმცა განცხადებაში არაფერია ნათქვამი იმაზე, რომ მსჯავრდებული ყოფილი მაღალჩინოსანი ასევე მონაწილეობდა იურიდიულ საკითხთა კომიტეტთან შეხვედრაში, რომელიც მართლმსაჯულების სფეროში უკრაინა-გერმანიის თანამშრომლობას ეხებოდა. ტრიბუნა, რომელიც ერთობლივ სხდომაზე ადეიშვილმა გამოიყენა, სტუმრებისთვის განკუთვნილი არ ყოფილა. გერმანიის საელჩო საკითხთან დაკავშირებით ამ ეტაპზე დამატებითი განმარტების გაკეთებას საჭიროდ არ თვლის.

გერმანიის საელჩოს გარდა, სახელისუფლებო გუნდი განმარტებებს ელოდება ევროკავშირის წარმომადგენლობისგანაც, რადგან ბუნდესტაგში სტუმრობის შემდეგ, ზურაბ ადეიშვილს პირისპირ შეხვედრა, უკვე ევროკომისიის მაღალჩინოსანთან ჰქონდა.

საქართველოში ძებნილი და არაერთ დანაშაულში მსჯავრდებული ადეიშვილი სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოებაზე მოლაპარაკებათა საკითხებში, ევროკომისიის გენერალური დირექტორატის გენერალურ დირექტორს, გერტ იან კოპმანს შეხვდა - ევროკავშირის ერთ-ერთ ყველაზე მაღალი თანამდებობის პირს. მმართველი გუნდი ამას ქართული მართლმსაჯულების უპატივცემულობად აფასებს.

"ნაციონალური მოძრაობის" მოქმედი და ყოფილი წევრები, რომლებსაც უკრაინის ხელისუფლებასთან კავშირები ამ დრომდე აქვთ, პრობლემას ვერ ხედავენ - ვერც ადეიშვილის პარტნიორებთან შეხვედრაში და ვერც ამ შეხვედრების შინაარსში.

ოპოზიციაში დღეს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებებიც გაიხსენეს, რომლითაც ზურაბ ადეიშვილის საქმეებზე ქართული მართლმსაჯულების ყველა განაჩენი ძალაში დარჩა. ყოფილი გენერალური პროკურორის დანაშაულებზე ხელისუფლების ოპონენტთა ამ ნაწილს კითხვები არ აქვს, თუმცა ევროპის ქვეყნებში მის თავისუფლად გადაადგილებაზე პასუხიმსგებლობას ხელისუფლებას აკისრებს.

ბერლინის შემდეგ ბრიუსელში ადეიშვილის მიღება, მმართველი გუნდის შეფასებით, საქართველოში ანტიევროპული განწყობების გაღვივებას უქმნის საფრთხეს. "ქართული ოცნების" წევრები პარტნიორებისგან მკაფიო განმარტებებს უკვე მეორე დღეა ითხოვენ. უმრავლესობაში დღეს ისიც თქვეს, რომ ცინიკურია, როდესაც თავად მსჯავრდებული ადეიშვილი საერთაშორისო შეხვედრებზე მართლმსაჯულების საკითხებზე რჩევებს იძლევა. მმართველი პარტია სწორედ ადეიშვილის სახელს უკავშირებს ვეტინგის სისტემის საქართველოში აქტუალიზაციასაც, რასაც ოპოზიციის ნაწილი ეთანხმება.

ციხეში პატიმრების მიმართ დამამცირებელი მოპყრობის, ტელეკომპანია იმედის დარბევის, კობა დავითაშვილის სასტიკად ცემის საქმეები - ეს იმ ვრცელი სიის არასრული ჩამონათვალია, რასაც ადეიშვილს ქართული მართლმსაჯულება ედავება.

საქართველოში არაერთ სისხლის სამართლის საქმეზე მსჯავრდებული ბუნდესტაგში რამდენიმე დღის წინ უკრაინულ დელეგაციასთან ერთად იმყოფებოდა. ამის შემდეგ კი ევროკომისრებთან შეხვედრაზე. საერთაშორისო ასპარეზზე უკრაინის სახელით, ძებნილი ზურაბ ადეიშვილი უკვე რამდენჯერმე გამოჩნდა.

დღის ამბები