"პირველ რიგში, უნდა ვიზრუნოთ იმაზე, რომ ყველას უფლება იყოს დაცული ამ ქვეყანაში და უფლებრივად არავის ღირსებას და უფლებებს არ უნდა ლახავდეს ეს პროექტი, რომელიც დამუშავდება", - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა დავითულიანმა ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ დასმული კითხვის საპასუხოდ.
"როდესაც ამ [ლგბტ პროპაგანდის] თემას ვეხებით, ძალიან სწორი გზავნილები უნდა გავაჟღეროთ და მეორეს მხრივ, ზუსტად უნდა დამუშავდეს კანონმდებლობა, რომელზეც უმრავლესობის ლიდერმა ისაუბრა დაახლოებით ერთი კვირის წინ, იმიტომ, რომ კონსტიტუციით ამ ქვეყანაში ყველას გარანტირებული აქვს თავისი იდენტობის თავისუფლება", - აღნიშნა დავითულიანმა.
კითხვაზე, ჩაერთვება თუ არა ოპოზიცია ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ კანონპროექტის შემუშავებაში, დავითულიანი აღნიშნავს, რომ დიდი იმედი არ აქვს, თუმცა სასურველია ყველა ჩაერთოს.
"სასურველია ყველა ჩაერთოს ამ კანონპროექტის შემუშავებაში. შემუშავდეს იმ ტიპის კანონპროექტი, რომელიც ერთის მხრივ, ყველა ჩვენი მოქალაქის თავისუფლებას და უფლებებს დაიცავს მიუხედავად მათი იდენტობისა და მეორეს მხრივ, დავიცვათ მომავალი თაობები იმისგან, რასაც სამწუხაროდ ბოლო პერიოდში სხვადასხვა ქვეყნებში ტენდენციას ვხედავთ. აქ უნდა გავიაროთ ზღვარზე. ეს არის და ეს. რაც შეეხება ოპოზიციის ჩართულობას- შეთავაზებულია, ვისურვებდი ვისაც ამ თემებზე მუშაობის გამოცდილება აქვს ჩაერთონ, თუმცა დიდი იმედი არ მაქვს", - განაცხადა ბექა დავითულიანმა.