16 ნოემბერი 2024,   08:02
ვრცლად
ოპოზიციის ალაპარაკება ფასებზე, ერთადერთი მოტივაციით არის განპირობებული, როცა ყველა ერთად, ორკესტრირებულად ერთი და იგივე თემაზე იწყებს საუბარს, გასაგებია ეს რას ნიშნავს - მიხეილ სარჯველაძე

რა დავალება მიიღო პიარ-სტრატეგი როზნერისგან "ნაციონალურმა მოძრაობამ" - საკითხთან დაკავშირებით, შეფასებები კეთდება მმართველ გუნდში. ის, რომ "ნაციონალური მოძრაობა" სოციალურ თემატიკაზე ალაპარაკდა, სწორედ პიარ-ტექნოლოგიების შემუშავებული გეგმითაა. მიხეილ სარჯველაძის შეფასებით, ოპოზიცია მნიშვნელოვანი საკითხებიდან მოსახლეობის ყურადღების გადატანას ცდილობს.

"ოპოზიციის ალაპარაკება ფასებზე, ერთადერთი მოტივაციით არის განპირობებული, როდესაც ყველა ერთად, ორკესტრირებულად ერთი და იგივე თემაზე იწყებს საუბარს, გასაგებია ეს რას ნიშნავს. ეს ნიშნავს იმას, რომ რაღაც თემა აქვთ გადასაფარი. ყველაზე რთულად რაც უწევთ, რომ გადაფარონ და ხალხს, ფოკუსის პრინციპით სხვაგან გააფანტინონ ყურადღება, გახლავთ სწორედ ეს გარემოება. ხვდებიან რამდენად დამაზიანებელია მათთვის, როდესაც საზოგადოებას ეუბნებიან, რომ საზოგადოებას, ვინც მე უნდა ამირჩიო, ის, რაც შენ გაწუხებს, მე არ მაინტერესებს, ამაზე არ ვიმუშავებ, რადგან ანგარიშვალდებული ხალხის წინაშე კი არ ვარ, არამედ სხვაგან ვგრძნობ პასუხისმგებლობას და ანგარიშვალდებულებას, ეს რასაკვირველია, თვითონ ოპოზიციისთვის ძალიან მძიმე დარტყმაა. ამის არიდებას ცდილობენ, ეს არის და ეს", - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ამასთან, საზოგადოებისთვის აბსოლუტურად გასაგებია, რომ, მისი შეფასებით, "კოლექტიურ "ნაციონალურ მოძრაობას" პიარ-ტექნოლოგების მხრიდან აქვთ დავალებული კონკრეტული გეგმა, რომლის მიხედვითაც, მოსახლეობას აქტუალურ საკითხებზე ცრუ დეზინფორმაცია მიაწოდონ.

ცნობისთვის, "კურიერის" ინფორმაცია დადასტურდა - ჯერ კიდევ სამი დღის წინ, ჩვენს ჟურნალისტს, შოთა ფალავანდიშვილს ჰქონდა ინფორმაცია, რა დავალება მიიღო პიარ-სტრატეგი როზნერისგან "ნაციონალურმა მოძრაობამ." ჩვენი ჟურნალისტი სოციალურ ქსელში დეტალურად წერდა იმ გეგმის შესახებ, თუ რა აქტივობები უნდა განეხორციელებინათ ოპოზიციური პარტიის ლიდერებს.

წყაროს მიერ მოწოდებული ყველა პუნქტი შესრულდა - "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები ამ დღეების განმავლობაში ფასებთან დაკავშირებით ხვდებოდნენ მეწარმეებს, მიდიოდნენ ოჯახებში, დღეს კი როზნერის გეგმის ბოლო მითითებაც შეასრულეს, რაზეც თავის სტატუსში ჩვენი ჟურნალისტი საუბრობდა და ფასების შესადარებლად პარტიის თავმჯდომარე მეზობელი თურქეთის ტერიტორიაზე სულ ცოტა ხნის წინ გადავიდა. წყაროს ინფორმაციით, როზნერმა ფასების კამპანია "ნაციონალურ მოძრაობას" ლგბტ თემის გადასაფარად დაავალა.

დღის ამბები