16 ნოემბერი 2024,   08:00
ვრცლად
ცუდი რომ არის ლგბტ პროპაგანდა, ამაზე ვერ სცემენ პასუხს, იცით რატომ? იმიტომ, რომ აქ ქართველი ხალხის ეშინიათ და იქ თავისი პატრონების - მამუკა მდინარაძე რადიკალურ ოპოზიციაზე

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ ერთმანეთისგან უნდა გაიმიჯნოს ადამიანის უფლებები და პროპაგანდა.

ამასთან, მამუკა მდინარაძე "ნაციონალური მოძრაობის" პიარ-ტექნოლოგიაზე საუბრობს და აცხადებს, რომ ოპოზიცია, სოციალურ თემებზე საუბრით, მნიშვნელოვან კითხვებზე პასუხს არიდებს თავს. მდინარაძე აღნიშნულ საკითხზე "კურიერის" ჟურნალისტის მიერ მოპოვებულ ინფორმაციასაც გამოეხმაურა.

"როცა მტკიცებულება დაიდება, სულ სხვა ეფექტი აქვს ხოლმე ამას. ჩემი კომპლიმენტი ნამდვილად იმ ჟურნალისტს, რომელმაც ეს მოახერხა და ასეთი ინფორმაცია მიიღო წყაროსგან. დადასტურდა ის, რასაც ჩვენ ვლაპარაკობდით და რაც ბუნებრივი იყო, მათ მხოლოდ და მხოლოდ უპასუხობის გადასაფარად უნდოდათ ეს კამპანია. მაშინ, როდესაც მართლა იზრდებოდა ფასები და სერიოზული პრობლემა იყო, მათ ეს ფასები ამგვარად არ გახსენებიათ.

როდესაც პასუხს ვერ სცემენ კითხვაზე - კარგია თუ ცუდი ლგბტ პროპაგანდა?! - ცუდი რომ არის ლგბტ პროპაგანდა ამაზე ვერ სცემენ პასუხს, იცით რატომ?! - იმიტომ, რომ აქ ქართველი ხალხის ეშინიათ და იქ თავისი პატრონების - ეს არის რეალობა. ეშინიათ პატრონების, რომლებსაც ვერ უბედავენ იმის შეკითხვასაც კი, მოდი ვიტყვით, რომ ცუდია ლგბტ პროპაგანდა და ამას საერთო არაფერი აქვს უფლებებთან", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ცნობისთვის, "კურიერის" ინფორმაცია დადასტურდა - ჯერ კიდევ სამი დღის წინ, ჩვენს ჟურნალისტს, შოთა ფალავანდიშვილს ჰქონდა ინფორმაცია, რა დავალება მიიღო პიარ-სტრატეგი როზნერისგან "ნაციონალურმა მოძრაობამ." ჩვენი ჟურნალისტი სოციალურ ქსელში დეტალურად წერდა იმ გეგმის შესახებ, თუ რა აქტივობები უნდა განეხორციელებინათ ოპოზიციური პარტიის ლიდერებს.

წყაროს მიერ მოწოდებული ყველა პუნქტი შესრულდა - "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები ამ დღეების განმავლობაში ფასებთან დაკავშირებით ხვდებოდნენ მეწარმეებს, მიდიოდნენ ოჯახებში, დღეს კი როზნერის გეგმის ბოლო მითითებაც შეასრულეს, რაზეც თავის სტატუსში ჩვენი ჟურნალისტი საუბრობდა და ფასების შესადარებლად პარტიის თავმჯდომარე მეზობელი თურქეთის ტერიტორიაზე სულ ცოტა ხნის წინ გადავიდა. წყაროს ინფორმაციით, როზნერმა ფასების კამპანია "ნაციონალურ მოძრაობას" ლგბტ თემის გადასაფარად დაავალა.

დღის ამბები