ზუგდიდში, ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ცენტრთან, სადაც "ქართული ოცნების" ლიდერები პარტიულ აქტივს ხვდებოდნენ, აქცია მიმდინარეობდა. აქციის მონაწილეებს უმრავლესობის ლიდერი გაესაუბრა. მამუკა მდინარაძე მათი პრობლემით დაინტერესდა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ კი განაცხადა, რომ დაუკავშირდება აქციის მონაწილეებს და დეტალურად გაარკვევს რამდენად საფუძვლიანი იყო მათი პროტესტი.
"მე ჯერ არ ვიცი რას აპროტესტებენ ეს ადამიანები, რადგანაც მას შემდეგ, რაც მათ შევპირდი, რომ დავუკავშირდებოდი, უფრო მეტი სიმძლავრით გაგრძელდა აქცია. ეჭვი შემეპარა, ხომ არ იყო რაღაც პოლიტიკური მოტივები, მაგრამ ამას წინასწარ არ ვიტყვი. დავუკავშირდები იმ ადამიანებს, რომლებსაც ნომრები გამოვართვი და აუცილებლად დეტალურად ჩავყვები ამ ამბავს, რამდენად საფუძვლიანია მათი პროტესტი. ამ თემაში მაქსიმუმ 1 კვირის განმავლობაში ამ თემაში გავერკვევით ბოლომდე და მერე ზუსტად გეტყვით ეს ჩემი ეჭვი საფუძვლიანია, ლეგიტიმურია თუ ძალიან ცუდია," - აცხადებს "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე.