შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრად მიხეილ სარჯველაძის დანიშვნის საკითხს ოპოზიციურ სპექტრში აფასებენ.
"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის, სერგო ჩიხლაძის განცხადებით, ახალ მინისტრს ბევრ კითხვაზე მოუწევს პასუხის გაცემა, თუ რა გეგმები აქვს სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით.
"მაინტერესებს მისგან კონკრეტულ კითხვებზე პასუხი. რას გააკეთებს წამლებთან მიმართებაში - წამლის ხარისხი, შემოტანა, იგივე ონკოპაციენტებთან ან სხვა სახელმწიფო პროგრამებთან დაკავშირებით. რას აკეთებს საყოველთაო და კერძო დაზღვევის ურთიერთქმედების კუთხით. ბევრი კითხვაა, რომელზეც მინისტრს მოუწევს კითხვების გაცემა", - განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.
პარტია "ლელოს" წევრმა, ვახტანგ სურგულაძემ, არ იცის რამდენად აქვს მიხეილ სარჯველაძეს ამ სამინისტროს მართვის ცოდნა და გამოცდილება.
"ამ სამინისტროს მუშაობას სჭირდება შესაბამისი გამოცდილება და შესაბამისი ცოდნა. რამდენად აქვს ახალ მინისტრს ეს გამოცდილება და ცოდნა - როგორ მართოს. მარტო კლინიკებისა და საავადმყოფოების მართვის საკითხი იმდენად რთულია, იმაში გარკვევა, სწორის გადაწყვეტილებების მიღება, ურთულესი მომენტია. ვნახოთ როგორ შეძლებს", - განაცხადა ვახტანგ სურგულაძემ.