16 ნოემბერი 2024,   06:47
ვრცლად
დავით არახამიამ საქართველოს 3 ულტიმატუმი წაუყენა - მათ შორისაა სააკაშვილის გათავისუფლება და რუსეთთან პირდაპირი ავიარეისების შეწყვეტა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის თქმით, საზოგადოებას სჭირდება დარწმუნება, რომ ევროპული ბიუროკრატია ფუნდამენტურ პრინციპებს პატივს სცემს. შესაბამისად, მთავრობის მეთაური ელოდება, რა რეაგირება მოჰყვება პარტნიორების მხრიდან საქართველოში მძიმე დანაშაულებში ბრალდებული ყოფილი ჩინოვნიკების ევროპულ ქვეყნებში თავისუფალ გადაადგილებას.

პრემიერ-მინისტრმა დღეს კიდევ ერთხელ მიმართა უკრაინას და იმ ყოფილი მაღალჩინოსნების საქართველოსთვის გადაცემა მოითხოვა, რომლებმაც ქვეყანა 2012 წელს დატოვეს და რომლებიც ამ დრომდე იძებნებიან.

ძებნილი ადეიშვილის ბერლინსა და ბრიუსელში ბოლოდროინდელი ოფიციალური შეხვედრები და უკრაინაში გენერალური პროკურორის მრჩევლად მუშაობა, ”ქართული ოცნებისთვის”, არასწორი გზავნილებია - ამ შინაარსისაა წერილი, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარემ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. შალვა პაპუაშვილი მთავარ კითხვას სვამს: როგორ აპირებენ გერმანული და ევროპული ინსტიტუციები ქართველების დარწმუნებას, რომ კრიმინალური წარსულის მქონე ადეიშვილი უკრაინაში დემოკრატიას აშენებს და როგორ წარმოუდგენიათ, ამ ფონზე, დიპლომატიური მოლაპარაკებები? მისივე თქმით, მსგავსი მიმღებლობა საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს აზიანებს. პაპუაშვილი განცხადებაში იმ მიზეზებსაც განმარტავს, თუ რატომ იკავებდნენ მსგავსი შეფასებისგან თავს წარსულში.

ყოფილ მაღალჩინოსნებთან დაკავშირებით, მმართველი პარტიის ლიდერების განცხადებები ოპოზიციისთვის შიდა მოხმარებისთვისაა. 

საპარლამენტო უმრავლესობისთვის მოცემულობა, რომელიც ყოფილ ჩინოვნიკებთან დაკავშირებით არსებობს, ორმაგი სტანდარტის შედეგია. უმრავლესობაში მიიჩნევენ, რომ სამართლიანობის განცდას არ აჩენს ის ფაქტი, რომ კანონის უზენაესობა ევროპულ სახელმწიფოებთან დაკავშირებით სხვაა, საქართველოს შემთხვევაში კი - განსხვავებული.

ზურაბ ადეიშვილთან ერთად, გია ლორთქიფანიძეც ამ დრომდე უკრაინაში მაღალ თანამდებობებს იკავებენ. საქართველოსთვის მათ გადმოცემას უკრაინა არ თანხმდება. თბილისიდან გაჟღერებულ გზავნილს, კიევში ფრაქცია ”ხალხის მსახურის” თავმჯდომარემ უპასუხა. დავით არახამიასთვის ურთიერთობის ნორმალიზება მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებასა და რუსეთთან ფრენების შეწყვეტაზე გადის. ის, ასევე, ცდილობს საზოგადოების დარწმუნებას იმაშიც, რომ საქართველო სანქციებისთვის გვერდის ავლის საშუალებაა. ოპოზიციის ნაწილისთვის უკრაინელი პოლიტიკოსის განცხადებები მიუღებელია და საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევაა. ერთადერთი პარტია, რომელიც არახამიას პოზიციას სრულად იზიარებს, ”ნაციონალური მოძრაობაა”.

არახამიას განცხადებები მმართველ პარტიაში არ უკვირთ. უკრაინელ პოლიტიკოსს შეახსენებენ, რომ დამნაშავეების გადაცემა აუცილებელია და საქართველოს მართლმსაჯულების მიერ გასამართლებული ყოფილი მაღალჩინოსნები სასჯელს ბოლომდე მოიხდიან.

სახელისუფლებო პარტია უკრაინულ მხარეს საქართველოს ფუნდამენტური ფასეულობების პატივისცემისკენ მოუწოდებს და ბრალდებულ პირებს სამშობლოში ელოდება. გერმანიისა და ბელგიის შესაბამის უწყებებს, ადეიშვილის ექსტრადიციის მოთხოვნით, პროკურატურამ გუშინ მიმართა.

დღის ამბები