16 ნოემბერი 2024,   06:32
ვრცლად
დავით კეზერაშვილს აშშ-მა ვიზა არ მისცა - "რადიო თავისუფლება“

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს ყოფილ თავდაცვის მინისტრს, დავით კეზერაშვილს ვიზა არ მისცა. უარის მიზეზის დასადგენად კეზერაშვილმა სასამართლო დავა დაიწყო და საჩივარი კოლუმბიის ოლქის რაიონულ სასამართლოში შეიტანა. ინფორმაციას "რადიო თავისუფლება“ ავრცელებს.

"სარჩელიდან ირკვევა, რომ ვიზის გაცემაზე უარის თქმის საფუძველი აშშ-ს საბაჟო და საზღვრის დაცვის ფედერალური სააგენტოს 2023 წლის პირველი მაისით დათარიღებული დადგენილება გახდა, რომელიც იმიგრაციისა და ეროვნულობის აქტის 212(a)(2)(I) მუხლს დაეყრდნო.

იმიგრაციისა და ეროვნულობის აქტის 212 მუხლი, ქვემდებარე პუნქტებით იმ კრიმინალურ საფუძვლებს ადგენს, რომელიც აშშ-ში შეშვებაზე უარის თქმის მიზეზი შეიძლება გახდეს. კონკრეტულად ის მუხლი, რომელზე დაყრდნობითაც, დავით კეზერაშვილს აშშ-ს ვიზა არ მისცეს, ფულის გათეთრებაზე ეჭვს გულისხმობს.

ამ მუხლით ვიზაზე უარის თქმის საფუძველი შესაძლოა გახდეს არა მხოლოდ მტკიცებულება, არამედ საკონსულოსა და პროკურატურაში ეჭვიც კი, რომ ამ პირს შესაძლოა კავშირი ჰქონდეს ფულის გათეთრებასთან ან მათთან, რომლებიც მსგავს საქმეში არიან ჩართული.

ამავეს განმარტავს "რადიო თავისუფლებასთან“ "საია-ს" ყოფილი თავმჯდომარე ნიკა სიმონიშვილი, რომელიც დავით კეზერაშვილის სარჩელს გაეცნო:

"მუხლი, რომლის საფუძველზეც უარია ნათქვამი, ამბობს, რომ თუ საკონსულოს თანამშრომელმა და გენერალურმა პროკურორმა იცის ან აქვთ ინფორმაცია, რომ პირი არის ჩართული კონკრეტულ დანაშაულში, თანამონაწილეა ასეთი დანაშაულის, მას შეიძლება უარი ეთქვას ვიზის მიღებაზე“ - ამბობს სიმონიშვილი.

"რადიო თავისუფლებაში“ აღნიშნავენ, რომ კეზერაშვილის სარჩელი ვებგვერდზე Courtlistener.com გამოქვეყნდა, რომელიც აშშ-ს სასამართლოებში შესულ სარჩელებს აგროვებს და ასაჯაროებს.

„სარჩელიდან ირკვევა, რომ დავით კეზერაშვილმა აშშ-ს ვიზის მისაღებად განაცხადი კვიპროსში აშშ-ს საელჩოში 2023 წლის 4 აპრილს შეიტანა. უარი კი 2023 წლის 18 ივლისს მიიღო.

ამის შემდეგ, ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა ინფორმაციის თავისუფლების აქტის საფუძველზე აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტს მოსთხოვა იმ ინფორმაციის გასაჯაროება, რომელიც 212-ე მუხლზე დაყრდნობით ვიზაზე უარი თქმის საფუძველი გახდა.

დეპარტამენტმა მოთხოვნა წარმოებაში მიიღო, თუმცა კეზერაშვილს პასუხი ამ დრომდე არ მიუღია. მან სასამართლოში იჩივლა. სარჩელი კოლუმბიის სასამართლოში 2024 წლის 20 თებერვალს დარეგისტრირდა.

"ამ სარჩელიდან არ ჩანს, დავობენ თუ არა ვიზის არგაცემაზე, ეს დოკუმენტი ეხება ინფორმაციის მიუღებლობის საკითხს. სარჩელში ნათქვამია, რომ მასთან დაკავშირებით ინფორმაცია სახელმწიფო დეპარტამენტმა არასწორად დააკავა, არ გადასცა მხარეს, დროული პასუხი არ გასცა და ამით ადეკვატური ინფორმაციის მიღების უფლება დაერღვათ", - განმარტავს ნიკა სიმონიშვილი.

დეტალებისა და მისი პოზიციის გასარკვევად რადიო „თავისუფლებამ“ სცადა საქართველოს ყოფილ თავდაცვის მინისტრთან დაკავშირება: კითხვები გაუგზავნა ელექტრონული ფოსტით; დაუკავშირდა ადვოკატს, რომელმაც მისი სარჩელი მოამზადა და ესაუბრა შუამავლებსაც. პასუხის მიღების შემთხვევაში მასალა დაუყოვნებლივ განახლდება.

აშშ-ს ვიზაზე უარის თქმის მომენტისთვის (2023 წლის ივლისი) უკვე ცნობილია ე.წ. ქოლცენტრებზე "ბიბისის" გამოძიების შესახებ, რომელიც 2023 წლის აპრილში გამოქვეყნდა. ამ გამოძიების ავტორი გამომძიებელი ჟურნალისტები ჰყვებოდნენ, რომ კვალი იმ საერთაშორისო თაღლითური ჯგუფებისა, რომლებიც ევროპელი პენსიონერების დანაზოგებს ითვისებდნენ, “ბატონ ოფშორთან”, საქართველოს ყოფილ თავდაცვის მინისტრთან მიდიოდა.

"BBC-ის სიუჟეტში გამოთქმული ბრალდებები უკიდურესად მცდარია. მე არაფერი მაქვს საერთო Milton Group-თან ან ქოლცენტრებთან დაკავშირებულ რომელიმე თაღლითობასთან", - დაწერა კეზერაშვილმა ტელეკომპანიაში გაგზავნილ საჩივარში, სადაც ის ფაქტების უარყოფას მოითხოვდა“, - აღნიშნულია სტატიაში.

დღის ამბები