საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, "ნაციონალურ მოძრაობას" პიარკონსულტანტი ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ საკითხის გადასაფარად ფასების თემის წამოწევას სთავაზობს.
მამუკა მდინარაძის თქმით, "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში ყოფნის დროს გაცილებით უკეთესი ინფლაციის მაჩვენებელია, ვიდრე ეს "ნაციონალური მოძრაობის" დროს იყო.
"უკვე მტკიცებულებების დონეზე არის დადასტურებული, რომ ეს არის ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ მიმართული, ამისი გადაფარვის მცდელობა. მოიტანეთ კალკულატორი და ნახეთ, რომ ყველაზე უხეში დათვლითაც კი, ორ-ნახევარი პროცენტი იყო სხვაობა ინფლაციებს შორის. ოღონდ კლასიკური გაგებით თუ დავთვლით, მათ დროს საშუალო ყოველწლიური ინფლაციის მაჩვენებელი 6.6 იყო, ხოლო ჩვენს დროს არის 4.6. ანუ ორი პროცენტით მეტი. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ხაზგასმა, რომ ჩვენს დროს იყო ორი კრიზისი, კერძოდ, ორი ძალიან მასშტაბური, დამანგრეველი ომია რეგიონში და იყო სამწლიანი პანდემია. ამის ფონზე, ორი პროცენტით ნაკლები ინფლაცია გვაქვს", – განაცხადა მდინარაძემ.
მამუკა მდინარაძის თქმით, ფასების ზრდის თემით "ნაციონალური მოძრაობა" გაჭირვებულ ხალხზე ზეგავლენის მოხდენას ცდილობს.
"თავისას არ იშლიან და ამ თემით სპეკულირებას, გაჭირვებული ხალხის მოტყუებას აგრძელებენ. მსოფლიო ბანკის მონაცემებით, რეგიონში საქართველო ინფლაციის, ანუ ფასების ზრდის სიმცირით მეორე ადგილზეა. ეს არის რეალური ციფრები და მაჩვენებლები. რა თქმა უნდა, ყოველთვის მოახერხებ ისეთი შეჭირვებული ადამიანის და ოჯახების პოვნას, რომლებიც შესაძლოა, გაღიზიანდნენ კიდეც ამ ციფრებთან დაკავშირებით, რადგან გაჭირვებულ ადამიანს ციფრი არ აინტერესებს, აინტერესებს თავისი კეთილდღეობა და მაცივარი იყოს სავსე. ამით სპეკულირებენ და ამ ადამიანებზე ცდილობენ ზეგავლენის მოხდენას იმგვარად, რომ რეალური ციფრებიდან არ გამომდინარეობს.
საქართველომ მოახერხა, რეგიონში ინფლაციის სიმცირით ყოფილიყო მეორე ადგილზე. "ნაციონალურ მოძრაობას" ხელისუფლებაში ყოფნისას არაფერი ისეთი არ ჰქონდათ, რომ ფასები ვერ შეენარჩუნებინათ. ჩვენ კრიზისების, ომებისა და პანდემიის დროს მოვახერხეთ, რომ 4.6 პროცენტზე გავჩერებულიყავით. რა თქმა უნდა, 4.6 ყოველწლიური საშუალო ინფლაციური მაჩვენებელიც არის მაღალი და გაჭირვებულ ადამიანებს და არა მხოლოდ მათ ურტყამს ჯიბეზე, მაგრამ ეს არის რეალობა, რისი მოხერხებაც, საბედნიეროდ, „ქართულმა ოცნებამ“ შეძლო და მეტად არ წავიდა ფასების ინფლაცია.
რეალურად, ლგბტ პროპაგანდის მხარეს რომ იჭერენ და ვერ ემიჯნებიან, როზნერი ამ თემის გადასაფარად მათ ფასების თემის წამოწევას სთავაზობს. მოუწოდებენ, სულ ჰალსტუხებით, მოწესრიგებულებმა და დავარცხნილებმა იარონ, რადგან განცდა დატოვონ, რომ ხელისუფლებაში მოდიან. მართლა ასე ავალებენ – უნდა დატოვოთ განცდა, რომ ხელისუფლებაში მოდიხართ, სულ პიჯაკირებულებმა, კოსტიუმირებულებმა, ჰალსტუხირებულებმა, დავარცხნილებმა უნდა იაროთ, რათა განცდა დარჩეს ადამიანს, რომ ხელისუფლებაში მოდიხართო და დღენიადაგ ფასებზე უნდა ილაპარაკოთო. ჩვენ ამ ფასების თემაში შეგნებულად შევყევით. ეს თემა არ დავაიგნორეთ. ხალხზე მზრუნველი "ნაცმოძრაობა" – ამაზე ცინიკური და როზნერისეული სატირული ანეკდოტი არ შეიძლება, ბუნებაში არსებობდეს. ხალზე მზრუნველი "ნაცმოძრაობა" უკვე ანეკდოტია, ოღონდ სატირის სფეროს მიეკუთვნება. მზრუნველის იმიჯი "ნაცისგან" არ გამოვა, მწამებლის იმიჯი გამოსულია", – განაცხადა მდინარაძემ.
მდინარაძის თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები ერთი კვირაა, კაცობაზე და ვაჟკაცობაზე საუბრობენ, მაშინ, როდესაც თუკი რამე არაკაცური არსებობს ქვეყანაში, მათი დანერგილია.
"ზოგიერთ მათგანს, ყველაზე ნამდვილად არ ვამბობ, 18 წლამდე და 20 წლამდე ეზოში არ უშვებდნენ დედ-მამის გარეშე, ჰოდა, რა კაცობაზე გველაპარაკებიან მწამებლები. თუკი რამე არაკაცური არსებობს ქვეყანაში, მათი დანერგილია და სადარბაზოებში ვერ ჩადიოდნენ მარტო სხვა ბიჭების რომ ეშინოდათ. არ იყო სალაპარაკო, მაგრამ მაინც გვათქმევინეს, რა კაცობაზე და ვაჟკაცობაზე გველაპარაკებიან ერთი კვირაა. ეს ხალხი ცდილობს მოტყუებას იმგვარად, თითქოს ამ ხალხს დავიწყებული აქვთ, რას აკეთებდნენ ისინი წარსულში. კაცობაზე და ვაჟკაცობაზე საუბრობენ, მაშინ, როცა თუკი რამე არაკაცური არსებობს ქვეყანაში, მათი დანერგილია მე „ნაცის“ ადგილზე, კაცობაზე არ ვილაპარაკებდი, თან მიხეილ სააკაშვილი რომ ლიდერი ჰყავთ, განსაკუთრებით ამ შემთხვევაში და არ შევიდოდი პოლემიკაში ბიძინა ივანიშვილის გუნდის წარმომადგენლებთან", – აღნიშნა მდინარაძემ