ჩვენ რომ ხელისუფლებაში ვიყოთ, ნამდვილად არ მივცემდით საფუძველს არავის, რომ ესაუბრათ ქვეყანაში პოლიტიკურ დევნაზე,- ამის შესახებ ფრაქციის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია" წევრმა "ღამის კურიერის" ეთერში განაცხადა და წამყვანის მიერ დავით არახამიას ულტიმატუმთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას უპასუხა.
როგორც დავით კირკიტაძემ აღნიშნა, არახამია არის საქართველოს სრულუფლებიანი მოქალაქე.
მისი თქმით, "ნაციონალური მოძრაობა" რომ იყოს ხელისუფლებაში, ყველას მოუსმენდა, მით უფრო ქვეყნიდან წასულ ადამიანებს.
"მე ვიქნებოდი ძალიან ფრთხილად ასეთ შეფასებებში იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც იძულებით არიან წასული ჩვენი ქვეყნიდან. მე შეგახსენებთ, რომ ადამიანი, რომელზეც თქვენ საუბრობთ, არის დევნილი აფხაზეთიდან, ის არის სრულუფლებიანი ჩვენი ქვეყნის მოქალაქე და მას იმის გამო მოუწია ამ ქვეყნის დატოვება, რომ ამ ქვეყნის ტერიტორიის ოკუპაცია მოხდა. მე ძალიან გავუფრთხილდებოდი ყველა იმ ადამიანს, ვისაც ბედის უკუღმართობის გამო, რუსული აგრესიის გამო, იმის გამო, რომ ამ ქვეყანაში არ არის შესაბამისი პირობები, მოუწია ამ ქვეყნიდან წასვლა და ისინი არიან ემიგრანტები. ჩვენ უნდა ვიზრუნოთ ამ ადამიანების უკან დაბრუნებაზე, ჩვენ არ უნდა მივუთითოთ მუდმივად ამ ადამიანებს, რომ ისინი ამ ქვეყნის მოქალაქეები არ არიან და არ აქვთ უფლება ჩაერიონ.
ჩვენ რომ ხელისუფლებაში ვიყოთ, ნამდვილად არ მივცემდით საფუძველს არავის, რომ ესაუბრათ ქვეყანაში პოლიტიკურ დევნაზე. ყურადღებით მოვუსმენდით ყველა ჩვენს მოქალაქეს და განსაკუთრებით იმათ, ვისაც მოუწიათ დროებით, ოკუპირებული ტერიტორიებიდან წასვლა," - აცხადებს დავით კირკიტაძე.