"დღეს ვთქვი, რომ როზნერი "ნაციონალური მოძრაობის" წყევლად იქცა და ეს ნამდვილად ასეა. ეს ე.წ. პიარ კამპანია რის ფონზე გაააქტიურეს? - რადგან ლგბტ პროპაგანდაზე არ ისაუბრონ და ამის საპირწონედ მოიგონეს მუდმივად ფასებზე ილაპარაკონ", - ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა "ღამის კურიერის" ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, "ნაციონალური მოძრაობა" ვერ ეგუება, რომ საქართველო ეკონომიკურად ვითარდება.
"ამან ისინი კიდევ უფრო უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენა, რადგანაც გამოჩნდა მათი დილეტანტიზმი, პოპულიზმი და გამოჩნდა ის, რომ ისინი ვერ ეგუებიან და ძალიან სწყინთ ის, რომ საქართველო ეკონომიკურად ვითარდება. დღეს, ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი ეკონომიკა გვაქვს რეგიონში, ეს ყველაფერი ციფრებშია გამოხატული. ფასი თუ 10 და 15 წლის შემდეგ არის გაზრდილი, ეს ბუნებრივი პროცესია არამარტო ქართული ეკონომიკისთვის, არამედ გლობალური ეკონომიკისთვის.
პანდემიის შემდეგ, დღეს, საქართველო, რომელიც უმნიშვნელოვანესი გეოპოლიტიკური და ეკონომიკური პროექტების საკვანძო წერტილია და ევროპისა და აზიის დამაკავშირებელ უსაფრთხო კვანძად გვევლინება, ეს ჩვენს დატვირთვას მნიშვნელოვნად ზრდის, რაც სწორედ სტაბილურმა განვითარებამ ჰპოვა. იმან, რომ "ქართული ოცნების" პირობებში ომი არ ყოფილა ჩვენს ქვეყანაში, ბიუჯეტი იზრდება და ა.შ. ის ადამიანები, ვინც საქართველოს ეკონომიკას ისევე ანადგურებდნენ, როგორც ქართულ დემოკრატიას და დღეს ამ საკითხებზე საუბრობენ, თანაც ასე არაპროფესიონალურად, ამით საკუთარ უმეცრებას ავლენენ. ჩვენი ქვეყანა დემოკრატიის და ეკონომიკის თვალსაზრისით განვითარდება, მაგრამ ისინი ამ განვითარების გზაზე ჩვენს გვერდით არ იქნებიან, ვინაიდან ჩვენი მოქალაქეები მათი პოლიტიკური ველიდან ჩამოშორებას უზრუნველყოფენ,"- განაცხადა რატი იონათამიშვილმა.