16 ნოემბერი 2024,   06:47
ვრცლად
"ხალხის ძალაში" აცხადებენ, რომ თუ ზურაბიშვილი სააკაშვილს შეიწყალებს, პარლამენტი 2008 წლის აგვისტოს მოვლენების დროს "ნაციონალური მოძრაობის" ქმედებების გამოძიებას დაიწყებს

შეიქმნება თუ არა პარლამენტში აგვისტოს ომის საკითხების შემსწავლელი საგამოძიებო კომისია, - ეს სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ხალხის ძალა" წევრის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, თუ ზურაბიშვილი მიხეილ სააკაშვილს შეიწყალებს, პარლამენტი 2008 წლის აგვისტოს მოვლენების დროს "ნაციონალური მოძრაობის" ქმედებების გამოძიებას დაიწყებს.

"სააკაშვილი, თავის დროზე, როგორც ოქროს მოწმე, ემუქრებოდა თავის პატრონებს, თუ ისინი არ გაათავისუფლებდნენ ციხიდან, ალაპარაკდებოდა და ალაპარაკდებოდა, მათ შორის, 2008 წლის ომთან დაკავშირებით. ახლა დავინახეთ, რომ სააკაშვილის პატრონები გააქტიურდნენ მის გათავისუფლებასთან დაკავშირებით და, მიუხედავად ზურაბიშვილის ზიზღისა სააკაშვილის მიმართ, არ არის გამორიცხული, რომ მოუწიოს, შეასრულოს, ასევე მისი პატრონების დავალება სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით. ჩვენ განცხადებით დავაანონსეთ, რომ არჩევნების შემდგომ აუცილებლად მოვითხოვთ გამოძიებას როგორც "ნაცმოძრაობის" რეჟიმის, ასევე 2008 წლის ომის, ამ შემთხვევაში უკვე საზოგადოებას ბევრ სხვა ინფორმაციას მივაწვდით, თუკი ეს მოხდება და სააკაშვილს შეაწყალებინებენ ზურაბიშვილს, აუცილებლად მყისიერად მოვითხოვთ გამოძიების დაწყებასაც 2008 წლის ომთან დაკავშირებით და ბევრ საჯარო ინფორმაციასაც გამოვიტანთ, თუ როგორ ერეოდა პირდაპირ გლობალური ომის პარტია 2008 წლის ომის პროცესებში, რომელსაც აღასრულებდა, სამწუხაროდ, სააკაშვილის ხელისუფლება", - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

დღის ამბები