პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე შაბათს, 16 მარტს ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანს ეწვევა. ამის შესახებ პრემიერმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
პრემიერის თქმით, ბრიუსელში ვიზიტის შემდეგ, ვიზიტები შედგება მეზობელ ქვეყნებში, რომელიც უკავშირდება ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებას.
"რა თქმა უნდა მეზობელ ქვეყნებთან ურთიერთობების გაღრმავება არის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი. აქედან გამომდინარე, შემთხვევითი არ არის რომ ბრიუსელში ვიზიტის შემდეგ, ვიზიტები შედგება მეზობელ ქვეყნებში. შაბათს იქნება ვიზიტი აზერბაიჯანში, ამას მოჰყვება ერთ კვირაში ვიზიტი სომხეთში. რა თქმა უნდა, ყველა საკითხზე გვექნება საუბარი, რომელიც უკავშირდება ორმხრივ თანამშრომლობას. მნიშვნელოვანია რეგიონში მშვიდობის უზრუნველყოფა. იცით, რომ ჩვენი ქვეყანა ყოველთვის ასრულებდა დადებით როლს, შესაბამისად, ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ გაღრმავდეს ორმხრივი ურთიერთობები და ხელი შევუწყოთ მშვიდობასა და სტაბილურობას ჩვენს რეგიონში," - აღნიშნა პრემიერმა.