16 ნოემბერი 2024,   06:29
ვრცლად
"ხალხის ძალა" სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილების მოლოდინშია - რა პოზიცია აქვთ პოლიტიკურ პარტიებს 2008 წლის მოვლენებთან დაკავშირებით ენმ-ს მაღალჩინოსნების შესაძლო დანაშაულების გამოძიების დაწყებაზე

"ხალხის ძალა" სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილების მოლოდინშია. სწორედ მოქმედი პრეზიდენტის მიერ ყოფილის შეწყალებაზეა დამოკიდებული, დაიწყება თუ არა 2008 წლის მოვლენებთან დაკავშირებით "ნაციონალური მოძრაობის" მაშინდელი მაღალჩინოსნების შესაძლო დანაშაულების შესწავლა.

ოპოზიციის უმრავლესობა "ხალხის ძალის" ინიციატივას მხარს არ უჭერს. გამოძიების შესაძლო დაწყებაზე საუბარი არ სურთ "ნაციონალურ მოძრაობაში". ამბობენ, რომ ის, რასაც საპარლამენტო უმრავლესობის წევრები გეგმავენ, საზოგადოების ყურადღების გადატანის მცდელობაა.

მმართველ პარტიაში არ გამორიცხავენ, რომ შესაძლოა სალომე ზურაბიშვილმა პოზიცია შეცვალოს და სააკაშვილი შეიწყალოს. ამბობენ, რომ თუ ეს მოხდა, ბევრი კითხვა დაგროვდება, ამ შემთხვევაში კი "ხალხის ძალის" ინიციატივა გამართლებული იქნება.

გამოძიების წინაპირობების გარეშე დაწყების მომხრე არიან "ევროპელი სოციალისტები". "გირჩებში" კი კითხვა იმასთან დაკავშირებით აქვთ, რატომ დადგა ეს საკითხი დღის წესრიგში ახლა.

2008 წელზე საუბრის დროს პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ მსჯელობა ყველაფერზე შესაძლებელია, თუმცა საზოგადოებამ "ნაციონალური მოძრაობის" ქმედებების შესახებ ისედაც ყველაფერი კარგად იცის.

2008 წლის მოვლენებთან და "ნაციონალური მოძრაობის" ქმედებების გამოძიების საჭიროებაზე "ხალხის ძალამ" ვრცელი წერილი გუშინ გამოაქვეყნა. საზოგადოებრივ მოძრაობაში ამბობენ, რომ გამოძიების საკითხის წამოჭრას არჩევნების შემდეგ გეგმავდნენ, თუმცა სააკაშვილის შესაძლო შეწყალებამ არ არის გამორიცხული ეს პროცესი დააჩქაროს.

 

 

 

 

დღის ამბები