ოპოზიციაში ძალიან დიდი ინფლაციაა. ჯერ რომ შეხედოთ, რამდენი გამარჯვებული პარტია ჰყავთ, მარტო მაგით მიხვდებით, რომ ინფლაცია აქვთ - არჩევნებამდე 8-9 თვით ადრე, ყველა ამბობს, რომ პირველ ადგილზე ვართ გასულიო, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
"ყველა ამბობს, კოალიციას ვინ შექმნის ჩემთან, მე უნდა ავირჩიოო. ყველა ამბობს, რომ ჩემი ლიდერი ყველაზე მაგარიაო. ნიკა გვარამიამ და ნიკა მელიამ შექმნეს პარტია და დაარქვეს "ახალი". რეალურად მაგ პარტიას უნდა ერქვას "რომელი რომელია", რადგან ხალხი უყურებს იგივე ადამიანებს, ვინც არბევდა, ტელევიზიებში იჭრებოდა, ადამიანებს აწამებდა და ვისი საქმეებიც სასამართლოს დღემდე ვერ დაუმთავრებია - გინდა საერთაშორისოს და გინდა ადგილობრივს. ყველა ესენი არიან ერთი - "ნაციონალური მოძრაობა". ახლა უბრალოდ თვალს ვადევნებთ ნაცმოძრაობის კლონირების პროცესს. ძველი ნაცმოძრაობა სასოწარკვეთილ მდგომარეობაში და დაშლილია და აქედან გაქცეულ ხალხს 1%-იანი და 2%-იანი აგურები გააქვთ ამ დაშლილი ნაცმოძრაობიდან. რას აშენებენ, თვითონაც არ იციან. რა თქმა უნდა, ჩვენ ეს დაგვეხმარება, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა მივიღოთ. იმიტომ რომ სრულად პროპორციულ სისტემაზე გადავდივართ, არის 5%იანი ბარიერი, რასაც საქართველო გადაჰყავს უფრო სტაბილურ პოლიტიკაზე, უფრო ძლიერ პარტიულ პოლიტიკაზე, სადაც არასტაბილური, უშინაარსო, მერყევი პარტიები ვეღარ მიიღებენ ხალხისგან მანდატს", - აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.