16 ნოემბერი 2024,   06:19
ვრცლად
"ნაციონალური მოძრაობის" ინტერესია, გაწმინდოს მისთვის არასასურველი ან მისი მხრიდან ნაკლებად მოწყვლადი მოსამართლეებისგან სასამართლო სისტემა - ბექა ლილუაშვილი

5 მოსამართლის მიერ, მოსამართლეების კეთილსინდისიერების შემოწმებასთან დაკავშირებით, ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორის მოთხოვნის მხარდაჭერას, შეფასებები მოჰყვა პოლიტიკურ სპექტრში.

ე.წ. ვეტინგის სისტემის დანერგვას მხარს არ უჭერს გიორგი გახარიას პარტია. საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "საქართველოსთვის" თავმჯდომარე, ბექა ლილუაშვილი აცხადებს, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" საკუთარი ინტერესები აქვს.

"ნაციონალური მოძრაობის" ინტერესია, გაწმინდოს მისთვის არასასურველი ან მისი მხრიდან ნაკლებად მოწყვლადი მოსამართლეებისგან სასამართლო სისტემა. "ქართული ოცნების“ ინტერესია, შეინარჩუნოს არსებული გავლენები და არანაირი ცვლილება სასამართლო სისტემაში არ მოხდეს. შეუძლებელია მთლიანი სასამართლო სისტემა დავაყენოთ რისკის ქვეშ, ყველა მოსამართლე, როდესაც ამ სისტემაში არაერთი ძალიან კეთილსინდისიერი მოსამართლეა." - აცხადებს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "საქართველოსთვის" თავმჯდომარე, ბექა ლილუაშვილი.

"ვეტინგის" სისტემის დანერგვას მხარს უჭერს "ლელო." პარტიის "ლელო საქართველოსთვის" გენერალური მდივანი, ირაკლი კუპრაძე აცხადებს, რომ "მოსამართლეებს, რომლებიც კეთილსინდისიერების ტესტის გავლას უჭერენ მხარს, არ ეშინიათ საკუთარი საქმიანობის.

"მოსამართლეები, რომლებიც კეთილსინდისიერების ტესტის გავლას უჭერენ მხარს, არიან ადამიანები, რომელთაც არ ეშინიათ საკუთარი საქმიანობის და არ რცხვენიათ საკუთარი გადაწყვეტილებების სასამართლო სისტემაში. თუ მოსამართლეს არანაირი კავშირი არ ჰქონია კორუფციასთან, პოლიტიკურ ზეწოლასთან, პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებასთან, მას არ უნდა ეშინოდეს კეთილსინდისიერების ტესტის გავლა და, ცხადია, რომ ვინც გამოხატავს შიშს ამ რეფორმის მიმართ, მათზე ბუნებრივად არსებობს უნდობლობის განცდა მათი საქმიანობის მიმართ," - აცხადებს ირაკლი კუპრაძე.

დღის ამბები