მოსამართლეებს, რომლებიც "ვეტინგის" სისტემას ემხრობიან, მედიასთან ამ თემაზე კომენტარს არ აკეთებენ. ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორის მოთხოვნას კეთილსინდისიერების შემოწმებასთან დაკავშირებით, 5 მოსამართლე იზიარებს. ნინო ბაქაქური, ეკატერინე გასიტაშვილი, მადონა მაისურაძე, ქეთი მესხიშვილი და მამუკა წიკლაური მზად არიან, მათი კეთილსინდისიერება უცხოელმა სპეციალისტებმა შეამოწმონ.
მოსამართლეთა ამ გადაწყვეტილებას ოპოზიციის ნაწილი იწონებს.
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ევროოპტიმისტები" წევრი, ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ მოსამართლეებს დასამალი არაფერი არ აქვთ.
"ამ მოსამართლეებს დასამალი არაფერი არ აქვთ და კარგად ესმით ის რისკები და ფაქტორები, რომლებიც საქართველოს სასამართლო სისტემაშია. კიდევ ვიმეორებ, ყველანაირი რისკის დასაზღვევად, მე რა ფორმულასაც ვთავაზობ, ეს არ გამოიწვევს რისკს, პირიქით, ეს გააჯანსაღებს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს და ეს იქნება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავიდან დაკომპლექტების კარგი მაგალითი," - აცხადებს ხატია დეკანოიძე.
"ვეტინგის" სისტემის დანერგვას მხარს არ უჭერს "გირჩი". საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”გირჩი” წევრი, ალექსანდრე რაქვიაშვილი აცხადებს, რომ დრო დაიხარჯება "უშინაარსო რეფორმაზე."
"ვეტინგი" არაფერ შუაში არ არის სასამართლო რეფორმასთან. მე არ წარმომიდგენია, როგორ შეიძლება აღადგინო მურუსიძის რეპუტაცია იმით, რომ შეამოწმებ დეკლარაციას. იურისტს ვერ დაიქირავებენ და ვერ მოემზადებიან საპასუხოდ ან ქაღალდების დაწერაში?
ახალა ენჯეოებმა მოიგონეს ეს "ვეტინგი", რომელიც არაფერ შუაში არ არის რეფორმასთან და რომელსაც, სამწუხაროდ, უჭერენ მხარს ჩვენი პარტნიორები სხვადასხვა განცხადებაში. თუ ამ გზას დაადგა ჩვენი ქვეყანა, სასამართლო ისევ არ გვექნება, უბრალოდ, დროს დავხარჯავთ უშინაარსო რეფორმაზე," - აცხადებს ალექსანდრე რაქვიაშვილი.