16 ნოემბერი 2024,   06:40
ვრცლად
კეთილსინდისიერების შემოწმების მომხრე მოსამართლეების კეთილსინდისიერება ეჭვქვეშ დადგა -ვინ არიან და რა გადაწყვეტილებები აქვთ გამოტანილი ვეტინგის სისტემის მხარდამჭერებს

სასამართლო სისტემაში კეთილსინდისიერების შემოწმების მომხრე მოსამართლეების კეთილსინდისიერება, ეჭვქვეშ დღეს საპარლამენტო უმრავლესობამ დააყენა. კითხვები კი ხალხის ძალას ხუთივე მოსამართლის პროფესიულმა საქმიანობამ, წინა ხელისუფლების მაღალჩინოსნებთან ახლო ნათესაურმა კავშირმა და ზოგადად, "ნაციონალურ მოძრაობასთან" სიახლოვემ გაუჩინა. საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატები ამბობენ, რომ მათი მიზანი, სასამართლო სისტემაში ოპოზიციისა და უცხოური გავლენის გაძლიერებაა.

კომენტარის გაკეთებისგან ყველამ თავი შეიკავა. მადონა მაისურაძე, რომელმაც საუბარი არ ისურვა - რუსთავის რაიონული სასამართლოს მოსამართლეა. მისი მეუღლე ყოფილი მოსამართლე გიორგი ჩემია, რომელიც წლების წინ სანდრო გირგვლიანის საქმის იმ ეპიზოდს განიხილავდა, რომელზეც ბრალი კუდის ყოფილ მაღალჩინოსნებს ჰქონდათ წარდგენილი. გამოტანილი განაჩენის გამო გიორგი ჩემია საზოგადოების კრიტიკის ობიექტი არაერთხელ გამხდარა.

დასახელებულ ხუთ მოსამართლეში შედის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ქეთი მესხიშვილიც. მისი მეუღლე დავით მესხიშვილი წლების განმავლობაში ”ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლების მაღალჩინოსანი იყო. საპარლამენტო უმრავლესობისთვის ეჭვებს აჩენს ნინო ბაქაქურის საქმიანობაც, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეა და დავების განხილვას წლობით აჭიანურებს, მეტიც, დეპუტატების თქმით, მის დანიშვნას უცხოელი პარტნიორები უვადო მოსამართლედ ითხოვდნენ. მსგავსი მოთხოვნა ჰქონდათ პარტნიორებს ეკატერინე გასიტაშვილის მიმართაც, რომელიც ასევე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეა.

უკანა კარიდან დატოვა თელავის რაიონული სასამართლო მამუკა წიკლაურმა - ვეტინგის სისტემის შემოღების კიდევ ერთმა მხარდამჭერმა. მან 2021 წელს 8 წლის ბავშვის გაუპატიურებისთვის ბრალდებული გაათავისუფლა,2023 ში კი ბებიის გაუპატიურებაში ბრალდებული 26 წლის ბიჭი უდანაშაულოდ ცნო. ასევე მისი გადაწყვეტილებით სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს პირი, რომელიც პოლიციელებს თავს დაესხა და დაჭრა. მამუკა წიკლაურის ამ განაჩენებს მაშინვე მოჰყვა პროტესტი და ხმაურიო კახეთში. ის მამუკა გვარამიას ახლობელია, რომელიც 2008 წელს მიხეილ სააკაშვილმა ზურაბ ადეიშვილის წარდგინებით მთავარ პროკურორად დანიშნა. 2015 წელს კი, გვარამიას - ზურაბ ჟვანიას საქმის გამოძიების პროცესში სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას ფაქტზე ბრალი წარუდგინეს.

ყველა ამ ფაქტის მიუხედავად, 5 მოსამართლის კეთილსინდისიერებაზე კითხვები არ აქვს ოპოზიციას. მეტიც, ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ მათი მხარდაჭერა ე.წ. ვეტინგის სისტემის მიმართ, სწორედ მათ პროფესიონალიზმზე მეტყველებს.

ე.წ. ვეტინგის სისტემის მიმართ საკუთარი პოზიცია არ შეუცვლია გირჩს და გიორგი გახარიას პარტიას. ისინი ფიქრობენ, რომ ამ მექანიზმის ამოქმედება ქართულ მართლმსაჯულებაში არაერთ რისკს წარმოშობს.

მოსამართლეების კრიტიკას მათი დისკრედიტაციის კამპანიის ნაწილად აღიქვამს არასამთავრობო სექტორი. 12-მა ორგანიზაციამ დღეს ერთობლივი განცხადება გაავრცელა და ე.წ. ვეტინგის სისტემას მხარი კიდევ ერთხელ დაუჭირა. სამოქალაქო სექტორისა და ოპოზიციის განცხადებების მიღმა, სახელისუფლებო გუნდი სასამართლოს ხელში ჩაგდების მიზანს ხედავს

ვეტინგის იდეა, რამდენიმე კვირის წინ, ოპოზიციამ სასამართლო რეფორმის ფარგლებში, საკანონმდებლო ორგანოში გამართულ შეხვედრაზე დააყენა. ინიციატივას მხარს არასამთავრობო სექტორი, ოპოზიციის ნაწილი და ასევე, მოსამართლეთა ნაწილი უჭერს. მოსამართლეთა კეთილსინდისიერების შემოწმების ამ ფორმას, მმართველი ძალა და მოსამართლეთა კორპუსის უდიდესი ნაწილი, კატეგორიულად ეწინააღმდეგება.

დღის ამბები