მეზობლები, მეგობრები, სტრატეგიული პარტნიორები - ბაქოს, თბილისისა და ანკარას ნომერ პირველი დიპლომატები ერთმანეთს მეცხრედ შეხვდნენ. ერთ დროს, ჰეიდარ ალიევის მიერ ინიცირებულმა იდეამ სამი ქვეყნის ძალისხმევა საერთო ინტერესებისკენ მომართა. ახლაც ასეა, კიდევ უფრო მეტადაც - რადგან საერთაშორისო არენაზე განვითარებულმა გეოპოლიტიკურმა გარდატეხებმა მხარეებს ერთად დგომის უპირატესობა აჩვენა. ამას ხაზი მასპინძელმაც გაუსვა. აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ მეგობარი ქვეყნების მთავარი ამოცანა ამ ტურბულენტურ გარემოში ხიდების მშენებლობა და რეგიონული უსაფრთხოების შენარჩუნებაა.
ეკონომიკა, თავდაცვა, ინფრასტრუქტურა, მაღალი ტექნოლოგიები თუ ტურიზმი - თანამშრომლობის სფეროები მრავალფეროვანია. ამ დროისთვის თურქეთი, აზერბაიჯანი და საქართველო ერთმანეთის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები და წამყვანი ინვესტორები არიან. განსაკუთრებული როლი აქვს ენერგეტიკას და საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნების განვითარებას - მითუმეტეს შუა დერეფანს. კიდევ ერთი ხაზი რაშიც თბილისი საკუთარი როლის შენარჩუნების ამბიციას გამოთქვამს, სამშვიდობო მოლაპარაკებებია, რომელმაც ბაქო და ერევანი ერთ მაგიდასთან უნდა დასვას და სამშვიდობო შეთანხმებაზე მოაწერინოს ხელი. რადგან ეს, თბილისის აზრით, საერთო კეთილდღეობას მოემსახურება.
სამი ქვეყნის მიერ აქტიურად განხილვად საკითხებს თავი ”ბაქოს დეკლარაციაში” მოეყარა, რომელსაც მხარეებმა დღეს მოაწერე ხელი. ამ პოლიტიკურ მანიფესტში განსაკუთრებული ყურადღება მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას ეთმობა. ასეთია სამხრეთ-კავკასიური მილსადენი, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა. ამ უკანასკნელის მალე გააქტიურებაზე ერთობლივი თანხმობა არსებობს. დოკუმენტში ხაზგასმულია რეგიონის გაზრდილი როლი სატრანზიტო მიმართულებით, შუა დერეფნის გააქტიურებას კი ერთობლივი მუშაობა სჭირდება. პარტნიორები ხაზს უსვამენ,რომ მათთვის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერა უმნიშვნელოვანესია, როგორც აზერბაიჯანთან ასევე საქართველოსთან მიმართებით. თურქმა დიპლომატმა პლატფორმა საქართველოს ბოლოდროინდელ წარმატებებსაც დაუთმო.
სამმხრივი შეხვედრების შემდეგ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს შესაძლებლობა ჰქონდა პირისპირ გასაუბრებოდა, როგორც თურქ, ისე აზერბაიჯანელ კოლეგას. ამ შემთხვევაში საუბრები ვიწროდ ორი ქვეყნის ურთიერთობების აქტუალურ საკითხებს ეხებოდა.
აზერბაიჯანის, თურქეთისა და საქართველოს შორის არსებული დიპლომატიური ფორმატი ბოლოს 2019 წელს, თბილისში შედგა. პანდემიამ შეხვედრები დიაპაუზა. მას შემდეგ კი საერთაშორისო არენაზე გარდამტეხი ცვლილებები მოხდა, რაც თითოეულ ქვეყანას შეეხო. რეგიონული გამოწვევების გადალახვაზე ერთობლივი მუშაობა აქტიურად გრძელდება - დიპლომატებმა მომდევნო შეხვედრა ანკარაში ჩანიშნეს.