16 ნოემბერი 2024,   06:26
ვრცლად
აფეთქებული საარჩევნო უბნები და დამწვარი ბიულეტენები - რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს, რომელშიც ოპოზიციის არცერთი კანდიდატი არ მონაწილეობს

აფეთქებული საარჩევნო უბნები, დამწვარი ბიულეტენები, მელნით სავსე ურნები - ამ ვითარებაში მიმდინარეობს რუსეთში საარჩევნო პროცესი, რომელშიც ოპოზიციის არცერთი კანდიდატი არ მონაწილეობს. მოსახლეობის ნაწილი, პუტინის 24 წლიან მმართველობას და მისი კიდევ 6 წლით არჩევას აპროტესტებს. პროტესტს სამართალდამცველები დაკავებით პასუხობენ.

ამ ფონზე მიმდინარე საპრეზიდენტო არჩევნები რუსეთში, ევროპის შეშფოთების კიდევ ერთი საბაბია. რაც კარგად იკითხება ევროპის საბჭოს პრეზიდენტის ირონიულ ტექსტშიც.

ხმის მიცემა აფეთქებების ფონზე უწევთ ბელგოროდში. აქ რუსი დივერსანტები დილიდან გააქტიურდნენ. პუტინის ხელისუფლების წინააღმდეგ გაერთიანებულმა რამდენიმე დაჯგუფებამ, დაპირება შეასრულა და არჩევნების დღეს, შეტევა ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებით და დრონებით განახორციელა.

ინტენსიური ცეცხლის შედეგად, ბელგოროდსა და კურსკში დაზიანდა რამდენიმე საცხოვრებელი სახლი და ათობით ავტომობილი. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, გრაივორონში დაიღუპა 1 ადამიანი. ამის პარალელურად, ალტერნატიული რეალობის ამსახველ კადრებს ავრცელებს რუსეთის თავდაცვის სამინისტრო. უწყება ირწმუნება, რომ საზღვრის კვეთის დროს, დივერსიული ჯგუფი განადგურებულია და ის საფრთხეს აღარ წარმოადგენს. არჩევნების ჩაშლის მცდელობისთვის, პუტინი უკრაინის დასჯით იმუქრება.

მუქარა სისრულეში მალევე მოიყვანა. დღის მეორე ნახევარში, საოკუპაციო ძალამ, ოდესაზე მასშტაბური სარაკეტო იერიში მიიტანა. "ისკანდერის" ტიპის რაკეტები აგრესორმა საპორტო ქალაქის მჭიდროდ დასახლებულ ზონაში ჩამოაგდო. დაიღუპა 16 ადამიანი, 80-ზე მეტი ადამიანი მძიმედ დაშავდა

დივერსიული ჯგუფის გააქტიურების და რუსეთიდან მომდინარე მზარდი საფრთხის ფონზე, საფრანგეთის პრეზიდენტი კვლავ არ გამორიცხავს უკრაინაში დასავლეთის ჯარების გაგზავნის შესაძლებლობას. ემანუელ მაკრონი ამბობს, რომ სისუსტის გამოვლინება, ევროპის უძლურობის და პუტინის პოზიციების გაძლიერებას ნიშნავს.

უმთავრესი მიზანი პუტინისთვის ახლა საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებაა. ხმის მიცემის პროცესი რუსეთი ტერიტორიაზე, კიდევ ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება. საარჩევნო უბნების აფეთქებით იმუქრებიან პუტინის რეჟიმის მოწინააღმდეგე დაჯგუფებები.

დღის ამბები