16 ნოემბერი 2024,   07:40
ვრცლად
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის აზერბაიჯანში ოფიციალური ვიზიტი დაიწყო

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტი აზერბაიჯანში დაიწყო. 

ჰეიდარ ალიევის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს მთავრობის მეთაურს აზერბაიჯანის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი და სხვა ოფიციალური პირები დახვდნენ. საქართველოს პრემიერ-მინისტრს აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი, ზაგულბას სასახლეში, პირისპირ და გაფართოებული ფორმატის შეხვედრებზე უმასპინძლებს.

ამის შემდეგ ლიდერები მედიისთვის განცხადებებს გააკეთებენ. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ირაკლი კობახიძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრსაც შეხვდება.

საუბრის თემები იქნება ორმხრივი თანამშრომლობა, რეგიონისთვის სტრატეგიული საკითხები და საქართველოს როლი სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის უზრუნველყოფისთვის.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი აცხადებს, რომ აზერბაიჯანისთვის და საქართველოსთვის მნიშვნელოვანია მსგავსი ტიპის შეხვედრები. 

"ბაქოში იქნება პრემიერის პირველი ოფიციალური ვიზიტი, ეს მოიტანს ახალ იმპულსს და ძალას ჩვენ ორმხრივ ურთიერთობებში. პრემიერს ექნება შესაძლებლობა შეხვდეს ალიევს და ვისაუბრებთ იმ მნიშვნელოვან საკითხებზე, რომელიც გვაქვს ორ ქვეყანას შორის. ბაქო ელოდება ჩვენი პრემიერის ვიზიტს," - აცხადებს დარჩიაშვილი. 

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი აზერბაიჯანში ზურაბ პატარიძე აცხადებს, რომ შეხვედრები გაიმართება, როგორც აზერბაიჯანის პრეზიდენთან ასევე პრემიერთან. 

"დაგეგმილია უმაღლესი დონის შეხვედრები ბატონ პრეზიდენტთან და პრემიერთან. განხილული იქნება სავაჭრო-ეკონომიკური საკითხები. ასევე განხილული იქნება ინფრასტრუქტურული საკითხები, წყალქვეშა კაბელის გაყვანა, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის გაფართოება და ა.შ

ვიზიტის ფარგლებში განხილული იქნება ეკონომიკური კომისიის გამართვის საკითხი, ვფიქრობ ეს მნიშვნელოვანი კონტაქტები ხელს შეუწყობს ჩვენი ურთიერთობის გაღრმავებას," - აცხადებს პატარიძე. 

დღის ამბები