16 ნოემბერი 2024,   08:08
ვრცლად
საქართველოსა და აზერბაიჯანს გვაქვს პოლიტიკური, ეკონომიკური თანამშრომლობის მაღალი დონე, მთავარია კიდევ უფრო გავაღრმაოთ თანამშრომლობა ჩვენს ქვეყნებს შორის - ირაკლი კობახიძე

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ბაქოში, ზაგულბას სასახლეში აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან ერთობლივი განცხადებებისას აღნიშნა, რომ აზერბაიჯანი და საქართველო მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორები არიან. 

როგორც კობახიძემ აღნიშნა, დარწმუნებულია, რომ ქვეყნებს შორის ურთიერთობები ზუსტად ამ სულისკვეთებით გაგრძელდება.

"ჩემთვის დიდი პატივია, რომ პრემიერ-მინისტრის რანგში პირველად ვიმყოფები აზერბაიჯანის რესპუბლიკაში. მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის, რომ ამ პოზიციის დაკავებიდან მალევე შემდგარიყო ეს ვიზიტი აზერბაიჯანში. მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ალიევს გულთბილი მასპინძლობისთვის.

პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ბრძანა, რომ ჩვენს ქვეყნებს, ხალხებს აკავშირებთ მრავალსაუკუნოვანი, ისტორიული მეგობრობა და რა თქმა უნდა, ეს არის ის მყარი საფუძველი, რომელიც საფუძვლად უდევს სტრატეგიულ პარტნიორობას ჩვენს ორ სახელმწიფოს შორის. დარწმუნებული ვარ, ჩვენი ურთიერთობები ზუსტად ამ სულისკვეთებით გაგრძელდება.

დღეისთვის გვაქვს ძალიან მაღალი დონე, როგორც პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული თანამშრომლობის, ასევე გვაქვს კარგი დინამიკა ამ ურთიერთობებში. ჩვენთვის მთავარია, შევინარჩუნოთ ეს დინამიკა, კიდევ უფრო გავაღრმაოთ ურთიერთობები და თანამშრომლობა ჩვენს ქვეყნებს შორის.

ჩვენ გვაქვს, არაერთი მნიშვნელოვანი სტრატეგიული პროექტი, გვაქვს მასშტაბური მეგაპროექტები. დღეს ჩვენ ამაზე ვისაუბრეთ. ყველა მიმართულებით არის თანამშრომლობის სერიოზული პერსპექტივა.

აზერბაიჯანი არის საქართველოს  სავაჭრო პარტნიორების ხუთეულში და ესეც ძალიან მნიშვნელოვანია. სატრანსპორტო სფეროშიც არის მოსალოდნელი თანამშრომლობა, ვიზიტები გაგრძელდება, რომ მაქსიმალურად გაღრმავდეს ეს ურთიერთობა. დიდი იმედი მაქვს, რომ ბატონი პრეზიდენტი მალე შეძლებს, რომ გვეწვიოს საქართველოში. 

კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვამ პოლიტიკური პარტნიორობის მნიშვნელობას. მინდა, მადლობა გადავუხადო აზერბაიჯანს, პრეზიდენტ ალიევს ჩვენი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ძალიან მყარი მხარდაჭერისთვის. დღეს ამ მხარდაჭერის კიდევ ერთხელ გამოხატვისთვის. საქართველო ყოველთვის იყო აზერბაიჯანის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ძალიან მყარი მხარდამჭერი",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დღის ამბები