16 ნოემბერი 2024,   07:43
ვრცლად
აღიარება თუ შეცდომა - რატომ უწოდებს სალომე ზურაბიშვილი ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მოსამართლეების გადაწყვეტილებას დამოუკიდებლობის მაგალითს

პოზიციების გადახედვას მმართველი გუნდი სალომე ზურაბიშვილს კიდევ ერთხელ ურჩევს - პრეზიდენტის განცხადება, რომელიც მან სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მოსამართლეების გადაწყვეტილებას უკავშირდება. ე.წ. სასამართლომ ბიჭვინთის აგარაკების მესამე პირებისთვის გადაცემის აკრძალვის შესახებ კანონის გაუქმებას მხარი არ დაუჭირა. სალომე ზურაბიშვილმა ინფორმაციას საკუთარი კომენტარი დაურთო - "დამოუკიდებლობის მაგალითი აფხაზ მოსამართლეებისგან". "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ ეს პრაქტიკულად ოკუპირებულ ტერიტორიაზე მარიონეტული რეჟიმის აღიარებაა.

ოპოზიციაში ამბობენ, რომ სალომე ზურაბიშვილის ეს კომენტარი არ გაჰკვირვებიათ. ისინი ზურაბიშვილს შეახსენებენ, რომ აფხაზეთი ოკუპირებულია და იქ არ არსებობენ დამოუკიდებელი მოსამართლეები.

პოლიტიკური გამოხმაურებებისა და საპარლამენტო უმრავლესობის კრიტიკული პოზიციის შემდეგ, დღის ბოლოს პრეზიდენტს საკუთარ განცხადებაზე განმარტების გაკეთება მოუწია. სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ სასამართლოს გადაწყვეტილებაზე პრეზიდენტის სიტყვების ინტერპრეტირება, საზოგადოების შეგნებულად შეცდომაში შეყვანისა და მისი დისკრედიტაციის მცდელობაა.

სალომე ზურაბიშვილის პოზიციას ანტისახელმწიფოებრივად აფასებენ საპარლამენტო უმრავლესობაში. დეპუტატების შეფასებით, სალომე ზურაბიშვილმა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლების მესამე შტო აღიარა.

დღის ამბები