ე. წ. ვეტინგის სისტემა - მეორე დღეა განხილვის თემაა 9 მოსამართლის გადაწყვეტილება, რომლებიც ოპოზიციის ინიციატივას მხარს უჭერენ და ამით საკუთარი კეთილსინდისიერების შემოწმებას თანხმდებიან. იმის მიუხედავად, რომ ნაწილი მათგანი ამ სისტემას საერთოდ არ იცნობს, ვერც წინააღმდეგობას უდასტურებს და ვერც მხარდაჭერას, შემოწმების პროცესში პრობლემას მაინც ვერ ხედავს.
ინიციატივაში პრობლემას ვერ ხედავს ვერც ოპოზიციის ნაწილი, სადაც არგუმენტად ევროპული რეკომენდაცია მოჰყავთ, თუმცა მმართველი გუნდი სხვა ეჭვებზე საუბრობს. აცხადებენ, რომ ოპონენტების მიზანი სასამართლო სისტემაში ოპოზიციისა და უცხოური გავლენის გაძლიერებაა. იხსენებენ წარსულსაც და მოსამართლეთა კავშირებს "ნაციონალურ მოძრაობასთან".
ლევან დარბაიძე, თამარ ხაჟომია, გიორგი ებანოიძე და ციცინო კიკვაძე - სასამართლო კორპუსის კიდევ 5 მოსამართლესთან ერთად ე.წ. ვეტინგის სისტემის დანერგვაში პრობლემას ვერ ხედავენ.
საპარლამენტო უმრავლესობა კითხვის ნიშნის ქვეშ ამ მოსამართლეთა კეთილსინდისიერებას აყენებს და მათ წარსულ გახმაურებულ საქმეებსაც იხსენებს. ხალხის ძალაში ამბობენ, რომ 9-ვე მოსამართლე "ნაციონალურ მოძრაობასთან" დაკავშირებულია.
მოსამართლეებთან დაკავშირებას "კურიერი" მთელი დღე ცდილობდა. საკუთარი პოზიცია კი მხოლოდ გიორგი ებანოიძემ და ლევან დარბაიძემ გამოხატეს. ებანოიძე ამბობს, რომ მოსამართლეთა კეთილსინდისიერების გადამოწმება მხოლოდ კანონის შესაბამისი მექანიზმით უნდა მოხდეს. ლევან დარბაიძის თქმით კი, თუკი მათი პროფესიონალიზმი პირდაპირ არის საქართველოს ევროპულ მომავალთან დაკავშირებული, მაშინ მზადაა ტესტი უცხოელი ექსპერტების მეთვალყურების ქვეშ თავადაც გაიაროს.
დანარჩენმა მხარდამჭერმა, 7-მა მოსამართლემ, "კურიერის" სატელეფონო ზარებს არ უპასუხეს. მათი პროფესიონალიზმის მიმართ კი, საპარლამენტო უმრავლესობას არაერთი კითხვა აქვს. განსაკუთრებულ ეჭვებს მათ ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნებთან სიახლოვე უჩენთ. მაგალითად, ცნობილია, რომ სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ქეთი მესხიშვილის მეუღლე დავით მესხიშვილია, რომელიც "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლების მაღალჩინოსანი იყო. რუსთავის რაიონული სასამართლოს მოსამართლე მადონა მაისურაძის მეუღლე კი, ყოფილი მოსამართლე გიორგი ჩემიაა, რომელიც წლების წინ სანდრო გირგვლიანის საქმის იმ ეპიზოდს განიხილავდა, სადაც ბრალი კუდის ყოფილ მაღალჩინოსნებს ჰქონდათ წარდგენილი. ე.წ. ვეტინგის სისტემის მხარდამჭერთა სიაშია მამუკა წიკლაური. ის ცნობილი არაერთი გახმაურებული საქმის გამოა - მან 8 წლის ბავშის გაუპატიურებაში ბრალდებული სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა, ასევე უდანაშაულოდ ცნო ბიჭი, რომელმაც ბებია გააუპატიურა. მის გადაწყვეტილებებს არაერთხელ მოჰყოლია პროტესტი თელავში. ცნობილია ისიც, რომ მამუკა წიკლაური მამუკა გვარამიას ახლობელია, რომელიც 2008 წელს მიხეილ სააკაშვილმა ზურაბ ადეიშვილის წარდგინებით მთავარ პროკურორად დანიშნა.
ოპზიციის ნაწილი "ვეტინგის" სისტემის შემოღებას არ ეწინაღმდეგება. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ ამ მექანიზმის დანერგვა სასამართლოს მიმართ საზოგადოებაში ნდობას აღადგენს.
ოპოზიციიდან ვეტინგს "გირჩი" ეწინააღმდეგება. საერთაშორისო პრაქტიკიდან, თუნდაც ალბანეთის მაგალითიდან გამომდინარე, ფიქრობენ, რომ კეთილსინდისიერების შემოწმების მექანიზმი ქართულ მართლმსაჯულებაში არაერთ რისკს წარმოშობს.
სახელისუფლებო გუნდი, ე.წ. ვეტინგის სისტემის დანერგვის მოთხოვნას სახელმწიფოს სუვერენიტეტის წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯად მიიჩნევს. ამბობენ, რომ ეს საქართველოს კონტიტუციასთან შეუსაბამობაში მოდის. "ქართული ოცნების" წევრების თქმით, სასამართლო სისტემა ქვეყანაში დამოუკიდებელია და ის უცხოელმა ექსპერტმა არ უნდა შეამოწმოს. 9 მოსამართლეს კი, რომლებიც ამ მექანიზმს მხარს უჭერენ, მმართველი პარტია ოპოზიციისა და მესამე სექტორისგან მართულს უწოდებს.
ე.წ. ვეტინგის სისტემის იდეა "ნაციონალურ მოძრაობას" ეკუთვნის, მას მხარს არასამთავრობო სექტორი, ოპოზიციისა და მოსამართლეთა ნაწილი უჭერს. თუმცა, სასამართლო კორპუსის უფრო დიდი შემადგენლობა კეთილსინდისიერების შემოწმების მექანიზმის დანერგვის წინააღმდეგია, მსგავსი პოზიცია აქვს, სახელისუფლებო გუნდს.