"სამწუხაროდ, ის უკვე ასრულებს უცხოური ძალების დაკვეთებს," - ასე გამოეხმაურა საზოგადოებრივი მოძრაობა "ხალხის ძალის" წევრი გურამ მაჭარაშვილი სალომე ზურაბიშვილის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტს.
მაჭარაშვილის შეფასებით, პრეზიდენტის განცხადებები პირდაპირ ემსახურება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯს.
"სამწუხაროდ, აღარ გვიკვირს ზურაბიშვილის განცხადებები, რომელიც აზიანებს საქართველოს. ეს არის მორიგი მტკიცებულება, როდესაც თუნდაც ფორმალური, მაგრამ მაინც პრეზიდენტი, აკეთებს განცხადებას, რომელიც პირდაპირ ემსახურება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯს. როდესაც შენ, ფორმალური, მაგრამ მაინც პრეზიდენტი, აღიარებ არაღიარებული დამოუკიდებელი სუბიექტის, ამ შემთხვევაში, მხოლოდ რუსეთის მხრიდან აღიარებული დამოუკიდებელი სუბიექტის, აფხაზეთის რომელიმე საჯარო მოხელეს თუნდაც და მის ლეგიტიმაციას, ეს ნიშნავს, რომ შენ აღიარებ, პრაქტიკულად, აფხაზეთის დამოუკიდებლობას და ეს შეცდომით არ მგონია. სამწუხაროდ, ის უკვე ასრულებს უცხოური ძალების დაკვეთებს," - აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.
ცნობისთვის, მმართველი გუნდი სალომე ზურაბიშვილს პოზიციების გადახედვას კიდევ ერთხელ ურჩევს. პრეზიდენტის განცხადება, რომელიც მან ბიჭვინთის აგარაკებზე ე.წ. მოსამართლეების გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა, საპარლამენტო უმრავლესობის შეფასებით, ანტისახელმწიფოებრივია. ზურაბიშვილმა დაწერა, რომ ეს არის "დამოუკიდებლობის მაგალითი აფხაზი მოსამართლეებისგან." დეპუტატების შეფასებით, სალომე ზურაბიშვილმა, ამ განცხადებით, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლების მესამე შტო აღიარა. პრეზიდენტს საკუთარ განცხადებაზე დამატებითი განმარტების გაკეთება მოუწია. ზურაბიშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. სასამართლოს გადაწყვეტილებაზე პრეზიდენტის სიტყვების ინტერპრეტირება საზოგადოების, შეგნებულად, შეცდომაში შეყვანისა და მისი დისკრედიტაციის მცდელობაა.