პუტინი უვადო მმართველობას იკანონებს - ქვეყნის მასშტაბით, 94 ათასზე მეტი საარჩევნო უბანი ამ წუთებში იხურება. რუსეთში 3-დღიანი არჩევნები დასრულდა, თუმცა რუსეთს არ აურჩევია, უბრალოდ, ხმა მისცა. 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნები რამდენიმე მიზეზითაა გამორჩეული, ის მთავარი კონკურენტის გარეშეა, ელექტრონულია და უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიაზევე - დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაოირიჟიეს ოლქებშიც ჩატარდა. ხმებით ვლადიმერ პუტინი ლიდერობს - დიქტატორი, რომელსაც პრეზიდენტობა კიდევ ერთი და მეხუთე ვადით სურს.
ხელოვნურად აქტიურია პუტინის სიმბოლური ოპოზიცია. მოქმედ პრეზიდენტთან ერთად, სიაში კიდევ სამი პოლიტიკოსია. ყველა კი, ვისაც ამ წლების განმავლობაში მისთვის რეალური წინააღმდეგობის გაწევა შეეძლო, ან ციხეშია, ან მკვდარი - ასე რომ, რუსეთში პუტინის მმართველობის 25-ე წელი იწყება. უბნები დახურულია - რამდენიმე დღეში საზოგადოება უკვე ოფიციალურად გაიგებს იმას, რაც ყველამ წინასწარვე კარგად იცის.
2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭისყრა ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნისაც სურდა, თუმცა პუტინის ყველაზე ძლიერი მოწინააღმდეგე არ დაარეგისტრირეს. ნავალნი არასდროს აღიარებდა არჩევნების შედეგებს და არასდროს ეგუებოდა პუტინის რეჟიმს, რის გამოც მას არაერთხელ დაესხნენ თავს, საბოლოოდ კი დააკავეს და სიცოცხლე, ზუსტად ერთი თვის წინ, ციხეში, გაურკვეველ ვითარებაში დაასრულა.
2020 წელს რუსეთის კონსტიტუცია კიდევ ერთხელ მოარგეს პუტინის გეგმებს და პირველი კოსმონავტი ქალის, ვალენტინა ტერეშკოვას ინიციატივით, დაამტკიცეს ცვლილება ე.წ. პრეზიდენტობის ვადის განულების შესახებ. ამან ვლადიმერ პუტინს შესაძლებლობა მისცა, 2024 წლის შემდეგაც, კიდევ ორჯერ მიიღოს მონაწილეობა საპრეზიდენტო არჩევნებში და, თუ სურვილი ექნება, რუსეთის მმართველად 2036 წლამდე დარჩეს.
ვლადიმირ პუტინის საარჩევნო კამპანიებისა და პოლიტიკური მოღვაწეობის ფონი, როგორც წესი, ყოველთვის ომები და ე.წ. სპეცოპერაციებია - ჩეჩნეთის მეორე ომი, საქართველოსთან ომი, ყირიმის ანექსია, ომი აღმოსავლეთ უკრაინაში, ბოლოს კი - სრულმასშტაბიანი შეჭრა უკრაინაში.
რუსეთში მმართველობის ხანგრძლივობით, პუტინმა უკვე გააუმჯობესა ეკატერინე მეორეს და ლეონიდ ბრეჟნევის მაჩვენებელი. ჯერჯერობით, დაუძლეველია იოსებ სტალინის 27-წლიანი რეკორდი. სტალინის რეკორდს ვლადიმერ პუტინი ამ არჩევნებში გამარჯვებით გააუმჯობესებს.
მართალია არჩევნების შედეგები ჯერ ცნობილი არ არის, თუმცა ინაუგურაციის თარიღი უკვე დაზუსტებულია. ახლა ხმებს დაითვლიან და, 7 მაისს, რუსეთში პუტინიზმის კიდევ ერთ ექვსწლედის დასაწყისს ოფიციალურად გამოაცხადებენ.