16 ნოემბერი 2024,   06:40
ვრცლად
ცუდია, რომ ნონა წოწორიამ არ ახსენა მისი მონაწილეობა სხვა ქვეყნებში განხორციელებულ ვეტინგთან მიმართებაში, მათ შორის მოლდოვაში, სადაც სამსახურიდან გაათავისუფლეს მოქმედი მოსამართლეები და ალბათ საქართველოშიც იგივეს აპირებენ - ლევან თევზაძე

"სამწუხაროა, რომ ე.წ. ვეტინგის მხარდამჭერები და ტვ პირველი ბრალს მდებს სიცრუის ტირაჟირებაში, თითქოს ჩემს მიერ გავრცელდა არასწორი ინფორმაცია ზურაბ ადეიშვილის მოადგილე ნონა წოწორიას მონაწილეობაზე უკრაინაში ჩატარებულ ვეტინგთან დაკავშირებით. (მინიმუმ ჩემთვისაც უნდა გეკითხათ პოზიცია)", - ამის შესახებ განცხადებას მოსამართლე ლევან თევზაძე სოციალურ ქსელში ავრცელებს.

მისივე განცხადებით, კარგია, რომ ნონა წოწორიამ თავად აღიარა უკრაინაში ჩატარებულ რეფორმებში მონაწილეობა, მათ შორის - გენერალური პროკურორის დანიშვნაში.

"კარგია, რომ 2023 წელს უკრაინაში დაიჭირეს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე რამდენიმე მილიონის ქრთამის აღების ფაქტზე, მაგრამ:

ცუდია, რომ ვეტინგი უკრაინაში 2016 წლიდან ხორციელდებოდა და მხოლოდ 2023 წელს გამოავლინეს თავმჯდომარის კორუფციის ფაქტი; (როგორ უმუშავია შვიდი წელი ამ ვეტინგს გამგები გაიგებს), ალბანეთის მაგალითს აღარ გავაგრძელებ.

ცუდია, რომ ნონა წოწორიამ არ ახსენა მისი მონაწილეობა სხვა ქვეყნებში განხორციელებულ ვეტინგთან მიმართებაში, მათ შორის მოლდოვაში, სადაც სამსახურიდან გაათავისუფლეს მოქმედი მოსამართლეები და ალბათ საქართველოშიც იმავეს აპირებენ. (იხ. ფოტოს სქრინი)
მართლაც ცუდია, რომ მოსამართლეთა ,,დაკითხვებში’’ უშუალოდ მონაწილეობდა თავად ნონა წოწორია, (იხ. დაკითხვის ფოტო) და ალბათ ასეთივე ფორმით აპირებენ საქართველოში მოსამართლეთა განკითხვას და სადამსჯელო ღონისძიებების განხორციელებას.

ამდენად, მაშინ როდესაც საერთოდ ნაკლებ მნიშვნელოვანია უკრაინის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის დანიშვნას ვინ მოაწერა ხელი და აქცენტები გადაგაქვთ ამაზე, კეთილი ზრახვებით ფუთავთ ამ ,,ვეტინგს’’ და აპირებთ ამავე მეთოდებით, ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე განახორციელოთ ჩემი კეთილსინდისიერებისა და კომპეტენციის შემოწმება, როგორ ეს სხვა ქვეყნებში გააკეთეთ, ნამდვილად არ ვაპირებ შეგუებას, არ ვაპირებ მშვიდად შევხვდე ამ ყოვლად გაუგონარ ფორმას, რომელიც იმთავითვე ეწინააღმდეგება კანონისა და სამართლის უზენაესობას.

პ.ს. სანამ ჩემს კეთილსინდისიერებას შეამოწმებთ და ისაუბრებთ ამაზე, იქნებ საკუთარი თავების კეთილსინდისიერება და დაფინანსების წყაროები გადაგემოწმებინათ", - აღნიშნულია ლევან თევზაძის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დღის ამბები