პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, გიორგი ვოლსკის განცხადებით, პატარა ქვეყნისთვის, ისეთი როგორიც საქართველოა, გლობალური დაპირისპირების პირობებში სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობის წინა პლანზე წამოწევა ძალიან მნიშვნელოვანია. გია ვოლსკი საუბრობს USAID-ის კავკასიის მისიის დირექტორის ინტერვიუსთან დაკავშირებით, თუ რა დახმარებას უწევს ამერიკა საქართველოს.
"რასაკვირველია, პატარა ქვეყნისთვის, განსაკუთრებით, ამ გლობალური დაპირისპირების პირობებში საგანგებოდ მნიშვნელოვანია სტრატეგიული პარტნიორობის თემის წამოწევა. ამერიკის შეერთებული შტატები არის ის მნიშვნელოვანი პარტნიორი, სადაც საჭიროა, რომ ასეთი სტრატეგიული პარტნიორობის არა მხოლოდ დეკლარირებული, სერიოზული ნაბიჯები გადაიდგას, ამ ორმხრივ ურთიერთობებში.
ჯერჯერობით, იმით მაინც დავიწყოთ, რომ ვიზების გაცემის რაოდენობამ მოიმატოს საქართველოში. საქართველოს ყველანაირად აქვს უფლება და ყველანაირად აქვს პრეტენზია, რომ გაცილებით უფრო ფართო მასშტაბის პარტნიორული ურთიერთობა ჰქონდეს ამერიკის შეერთებულ შტატებთან. სამწუხაროა, მაგრამ ეს მონაცემები, რომელიც ჩვენ ევროპასთან ან ჩინეთთან გაგვაჩნია, არ ახასიათებს ქართულ -ამერიკულ ურთიერთობას, მაგრამ მომავალი ჩვენია", - განაცხადა გია ვოლსკიმ.