16 ნოემბერი 2024,   06:40
ვრცლად
მოხარული ვარ, რომ კიდევ ერთხელ განვიხილეთ NATO-საქართველოს თანამშრომლობის საკითხები, ინტეგრაციის პროცესი, მინდა განსაკუთრებული მადლობა გამოვხატო საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის - ირაკლი კობახიძე

"მინდა მადლობა გადაგიხადოთ, პირადად თქვენი მხარდაჭერისთვის ჩვენი ქვეყნის მიმართ, ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ. NATO-ს გენერალური მდივნის თანამდებობაზე თქვენი 10-წლიანი მოღვაწეობა დაემთხვა უპრეცედენტო გამოწვევებს და სირთულეებს, თუმცა თქვენი ლიდერობით მრავალი გამოწვევა გადაილახა და NATO კვლავაც რჩება ევროატლანტიკური უსაფრთხოების მთავარ გარანტად," - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ნატო-ს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან ერთობლივი განცხადებების დროს აღნიშნა.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, საქართველო ალიანსის ერთ-ერთი ყველაზე ერთგული და საიმედო პარტნიორია.

"მოხარული ვარ, რომ დღეს ჩვენ კიდევ ერთხელ განვიხილეთ NATO-საქართველოს თანამშრომლობის საკითხები და ასევე, ჩვენი ინტეგრაციის პროცესი.

მინდა ვისარგებლო შემთხვევით და განსაკუთრებული მადლობა გამოვხატო NATO-ს და პირადად გენერალური მდივნის მიმართ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის. ასევე, ძალიან ვაფასებთ გენერალური მდივნის სამართლიან განცხადებებს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით.

საქართველო ალიანსის ერთ-ერთი ყველაზე ერთგული და საიმედო პარტნიორია. წლების განმავლობაში, ჩვენი ქვეყანა აქტიურად მონაწილეობდა NATO-ს ეგიდით მიმდინარე ოპერაციებში, რითაც მნიშვნელოვანი წვლილი შეჰქონდა საერთო-ევროატლანტიკური უსაფრთხოების განმტკიცების საქმეში. თავის მხრივ NATO მნიშვნელოვან როლს ასრულებდა და ასრულებს საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების განვითარებაში.

დღეს ევროპაში რთული და გამოწვევებით სავსე პერიოდია და წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი ფუნდამენტურ ცვლილებებს განიცდის. მშვიდობიანი ევროპის იდეა არის საფრთხის ქვეშ. ამ რთულ ვითარებაში აუცილებელია საერთაშორისო საზოგადოებამ გამოავლინოს ერთსულოვნება და მტკიცე ერთგულება საერთაშორისო სამართლის პრინციპების მიმართ.

ბატონო გენერალურო მდივანო კიდევ ერთხელ მოგახსენებთ მადლობას საქართველოში ჩამობრძანებისთვის, რაც არის საქართველოს მიმართ თქვენი მხარდაჭერის კიდევ ერთი ძალიან ძლიერი გამოხატულება. მინდა წარმატებები გისურვოთ თქვენს საქმიანობაში," - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

დღის ამბები