"ძვირფასო ირაკლი, მიხარია თქვენი ნახვა კვლავ თბილისში და აქ ყოფნა დიდებულია, ეს ასახავს ჩვენს დამოკიდებულებას NATO-საქართველოს პარტნიორობის მიმართ,"-ამ სიტყვებით მიესალმა NATO-ს გენერალური მდივანი საქართველოს პრემიერ-მინისტრს. იენს სტოლტენბერგმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება, რომ საქართველო გახდება ალიანსის წევრი.
გენერალურმა მდივანმა თბილისიდან მოსკოვს ვალდებულებებიც შეახსენა და ხაზი გაუსვა, რომ NATO მხარს უჭერს ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას და გზას ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ. სტოლტენბერგმა საქართველო NATO-ს ერთ-ერთ უახლოეს პარტნიორად მოიხსენია. ირაკლი კობახიძემ იენს სტოლტენბერგს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ NATO ევროატლანტიკური უსაფრთხოების მთავარ გარანტად რჩება.
პრემიერ-მინისტრმა თავისუფალი და მშვიდობიანი ევროპის იდეაზეც ისაუბრა, რაც, მისი შეფასებით, საფრთხის ქვეშაა. ირაკლი კობახიძის განცხადებით, ასეთ ვითარებაში მნიშვნელოვანია ერთსულოვნება და საერთაშორისო სამართლის ერთგულება.
მედიასთან შეხვედრამდე და ერთობლივ განცხადებამდე, პრემიერი სტუმარს მთავრობის ადმინისტრაციის ეზოში დახვდა. იენს სტოლტენბერგმა და ირაკლი კობახიძემ ერთობლივი ფოტოც გადაიღეს.
მოლაპარაკებას, რომელიც 40 წუთს გაგრძელდა, გენერალურ მდივანთან ერთად, დელეგაციის წევრები ესწრებოდნენ, მათ შორის, ცენტრალურ აზიაში ალიანსის სპეციალური წარმომადგენელი ხავიერ კოლომინა. მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე, ურთიერთობების დღის წესრიგსა და სამომავლო თანამშრომლობაზე.
კიდევ ერთი თემა შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხი და რეგიონის სტაბილურობა იყო. ვიზიტის ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ, NATO-ს გენერალური მდივანი პრემიერმა მთავრობის ადმინისტრაციიდან თავადვე გააცილა.
სტოლტენბერგი, რომელიც საქართველოში ბოლოს 2019 წელს იმყოფებოდა, თბილისში აზერბაიჯანიდან ჩამოფრინდა. მას აეროპორტში საგარეო საქმეთა მინისტრი და NATO-ში საქართველოს ელჩი დახვდნენ. თბილისში მიიჩნევენ, რომ გენ-მდივნის სტუმრობა ვაშინგტონის სამიტის წინ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და ვიზიტი ორმხრივ ურთიერთობებს ახალ იმპულსს შესძენს.
NATO-ს გენერალური მდივანი, დღის მეორე ნახევარში, სალომე ზურაბიშვილსაც შეხვდა. აუდიენცია ორბელიანების სასახლეში ჯერ პირისპირ, შემდეგ კი გაფართოებულ ფორმატში გაიმართა. ზურაბიშვილი NATO-ს გენ-მდივანს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე, იქ ჩატარებულ რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებსა და საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებზე ესაუბრა. იენს სტოლტენბერგმა საპატიო წიგნში ჩანაწერიც დატოვა.
ალიანსის გენერალური მდივანი ქვეყანას ხვალ დატოვებს. საქართველოდან ის სომხეთში გაემგზავრება.