"ჩვენ ახლა 32-წევრიან ალიანსს წარმოვადგენთ და გაფართოებაზე გადაწყვეტილებას ყველა მათგანის თანხმობა სჭირდება. არსებობს კარგი ნიშნები - საქართველოს მიენიჭა კანდიდატის სტატუსი ევროკავშირისგან, ევროკავშირი წევრი ქვეყნების თითქმის 96% ასევე NATO-ს წევრი ქვეყანაა. შესაბამისად, რეალობა ასეთია - როდესაც თქვენ იწყებთ მუშაობას ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე, თქვენ მოძრაობთ NATO-ში ინტეგრაციის გზაზეც. ეს ორი პროცესი ერთმანეთს აძლიერებს," - ეს განცხადება NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა "კურიერისთვის" მიცემულ ინტერვიუში საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალზე საუბრისას გააკეთა.
სტოლტენბერგმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ მეტია გასაკეთებელი დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების, დემოკრატიული რეფორმების იმპლემენტაციის, კორუფციასთან ბრძოლისა და გამჭვირვალობის მიმართულებით. NATO-ს გენერალურმა მდივანმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს NATO-ში მისაღებად ალიანსი უნდა შეთანხმდეს, რომ საქართველოს წევრობა ტრანსატლანტიკურ უსაფრთხოებას ზრდის, რაც, მისივე თქმით, რეალურად, პოლიტიკური გადაწყვეტილებაა.
"მე კარგად მესმის,რომ საქართველო NATO-ს წევრობა სურს. ბუქარესტის 2008 წლის სამიტს მე ნორვეგიის პრემიერის სტატუსით ვესწრებოდი. მაშინ იქნა მიღებული გადაწყვეტილება, რომ საქართველო ალიანსში მოგვეპატიჟებინა, უფრო სწორად კი, მკაფიოდ გვეთქვა, რომ საქართველო გახდებოდა NATO-ს მოკავშირე. ამის შემდეგ, ჩვენ დავიწყეთ თქვენთან ერთად მუშაობა, ვაგრძელებთ საქართველოსთან მუშაობას და ამითაც აიხსნება თბილისში ჩემი დღევანდელი ვიზიტი, რათა გავაძლიეროთ დიალოგი და უფრო ახლოს ვიმუშაოთ. ეს, ნაწილობრივ, ეხება რეფორმებს - კორუფციასთან ბრძოლას, სამართლის უზენაესობისა და გამჭვირვალობის გაძლიერებას, თავდაცვისა და უსაფრთხოების სამსახურების მუშაობას, რათა სრულად მოხდეს სტრუქტურებში ინტეგრაცია.
ასევე, რეალობას წარმოადგენს ის, რომ ჩვენ ახლა 32-წევრიან ალიანსს წარმოვადგენთ და გაფართოებაზე გადაწყვეტილებას ყველა მათგანის თანხმობა სჭირდება. არსებობს კარგი ნიშნები - საქართველოს მიენიჭა კანდიდატის სტატუსი ევროკავშირისგან, ევროკავშირი წევრი ქვეყნების თითქმის 96% ასევე NATO-ს წევრი ქვეყანაა. შესაბამისად, რეალობა ასეთია - როდესაც თქვენ იწყებთ მუშაობას ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე, თქვენ მოძრაობთ NATO-ში ინტეგრაციის გზაზეც. ეს ორი პროცესი ერთმანეთს აძლიერებს.
NATO და ევროკავშირი რაღაც გაგებით ჰგვანან - ჩვენ ვმუშაობთ და მხარს ვუჭერთ დემოკრატიას, კანონის უზენაესობას, ადამიანის უფლებებს. ამავდროულად, არის განსხვავებები. ევროკავშირს გაცილებით ფართო დაფარვა აქვს, NATO-ს საქმე უსაფრთხოებაა. როდესაც ვიღებთ ქვეყნის მიღების გადაწყვეტილებას, ამას მხოლოდ რამდენიმე კვირა სჭირდება. ფინეთისა და შვედეთის მაგალითებმა ეს გვაჩვენა.
ევროკავშირში არსებობს ხანგრძლივი მოლაპარაკებები კონკრეტული კრიტერიუმებით, NATO-სთვის კი მთავარი კრიტერიუმია ისაა, რომ ქვეყანა იყოს ევროპული და საქართველო ევროპული ქვეყანაა. ქვეყანა უნდა იყოს დემოკრატიული და თანხვედრა ჰქონდეს NATO-ს დემოკრატიულ სტანდარტებთან.
რა თქმა უნდა, წინ არჩევნებია, თუმცა ამასთან, ვფიქრობთ, მეტის გაკეთება შეგიძლიათ დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებისთვის, დემოკრატიული რეფორმების იმპლემენტაციისთვის, კორუფციასთან ბრძოლისა და გამჭვირვალობისთვის. მესამე; ალიანსი უნდა შეთანხმდეს, რომ საქართველოს წევრობა ზრდის ტრანსატლანტიკურ უსაფრთხოებას რაც, რეალურად, პოლიტიკური გადაწყვეტილებაა. უნდა გვესმოდეს, რომ არაფერსა და სრულ წევრობას შორის ბევრი რამ დევს. ვიდრე საქართველოს წევრობას ველით, ერთად, მეტი უნდა გავაკეთოთ - გავაძლიეროთ პარტნიორობა, როგორც ახლა ვაკეთებთ,"- განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.