16 ნოემბერი 2024,   06:55
ვრცლად
როგორ გარდაიქმნა "ხალხის ძალა" საზოგადოებრივი მოძრაობიდან პოლიტიკურ პარტიად - პოლიტიკურ ველზე ახალი ძალა გამოჩნდა

პროქართული თამაშის წესებით ქართულ პოლიტიკურ ველზე კარგად ნაცნობი მოთამაშეები ახალი სტატუსით გამოვიდნენ. ჯერ იყო საზოგადოებრივი მოძრაობა, დღეიდან კი - პარტია "ხალხის ძალა". შემადგენლობა უცვლელია. 2 წლის წინ, დეპუტატების ნაწილი "ქართულ ოცნებას" გამოეყო, მაგრამ უმრავლესობაში დარჩა. დღეს აცხადებენ, რომ მათი მთავარი მიზანი უცვლელია - საზოგადოებასთან სიმართლეზე დაფუძნებული კომუნიკაციის დამყარება და იმ ამბების უცვლელი სახით გასაჯაროება, რომლებიც თავს პოლიტიკურ კულისებში იყრის. ხალხის ძალას აქვს მეორე ამოცანაც - 2024 წლის არჩევნებში ბარიერის გადალახვა და ქართულ პოლიტიკაში მყარი პოზიციის დაკავება.

სოზარ სუბარმა პარტიის ყრილობაზე ტრიბუნა თავმჯდომარის რანგში დაიკავა. საზოგადოებრივი მოძრაობის დაფუძნებიდან თითქმის 2 წლის შემდეგ "ხალხის ძალა" პოლიტიკურ პარტიად დღეს ოფიციალურად გარდაიქმნა. განისაზღვრა პრიორიტეტებიც და ითქვა, რომ, მოსახლეობის მუდმივი ინფორმირების პარალელურად, ახალი პარტიის ამოცანა "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის სამართლებრივი შეფასება იქნება.

ახლადშექმნილი პარტიის გეგმებს შორისაა 2024 წლის არჩევნები. "ხალხის ძალაში" აცხადებენ, რომ, თავიანთი შედეგით, პოლიტიკაში ადგილს მყარად დაიკავებენ და, საჭიროების შემთხვევაში, მმართველ პარტიასთან ერთად, კოალიციაშიც იმუშავებენ.

"ხალხის ძალის" პარტიის პოლიტიკურ მომავალს ოპოზიციაში სკეპტიკურად უყურებენ. ხელისუფლების ოპონენტები მიიჩნევენ, რომ საზოგადოებრივი მოძრაობის პარტიად ჩამოყალიბებას კონკრეტული მიზანი აქვს. რეალურად, არც იმის სჯერათ, რომ ეს პარტია შეძლებს "ნაციონალური მოძრაობის" სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაყენებას. თავად "ნაციონალურ მოძრაობას" ახალი პარტიის შესახებ კომენტარი დღეს აღარ გაუკეთებია.

"ქართული ოცნებიდან" თითქმის 2 წლის წინ გამოყოფილი "ხალხის ძალის" წევრები მეათე მოწვევის პარლამენტში უმრავლესობის შემადგენლობაში დარჩნენ. ეს მოცემულობა არც პარტიის შექმნის შემთხვევაში შეიცვლება. სახელისუფლებო ძალაში აცხადებენ, რომ "ხალხის ძალის" წევრებთან იდეოლოგიური აცდენა არ აქვთ, თანამშრომლობის გამოცდილებაც არსებობს და, შესაბამისად, ამ კუთხით ურთიერთობას მომავალშიც განაგრძობენ.

"ხალხის ძალა" პარტიულ საქმიანობას უკვე შეუდგა. ახალი პოლიტიკური ძალის უახლოესი გეგმები რეგიონებში გასვლა და საზოგადოებასთან შეხვედრებია.

დღის ამბები