16 ნოემბერი 2024,   08:05
ვრცლად
ზეპირად განცხადებების შეფასება, მგონი არ იქნება სწორი - პაატა მანჯგალაძე ლგბტ პროპაგანდის აკრძალვის ინიციატივაზე

"ქართული ოცნება" ფსევდო-ლიბერალური იდეოლოგისგან დაცვის შესახებ კანონპროექტს მიმდინარე კვირას დააიინიცირებს. კანონპროექტის შინაარსი სწორედ ამის შემდეგ გახდება ცნობილი.

უმრავლესობის წევრებმა დღეს ოპონენტები კიდევ ერთხელ გააკრიტიკეს და თქვეს, რომ უკვე რამდენიმე კვირაა, უშედეგოდ ელოდებიან ამ საკითხზე მათგან პოზიციის დაფიქსირებას. ოპოზიცია კი ისევ დუმს და ამბობს, რომ შეფასებებს მხოლოდ მას შემდეგ გააკეთებს, რაც კანონპროექტს გაეცნობა.

პარტია "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრის პაატა მანჯგალაძის განცხადებით, საკუთარ პოზიციას კანონპროექტის გასაჯაროების შემდეგ დააფიქსირებენ.

"ეს არის "ქართული ოცნების" მავნე პროპაგანდა. კიდევ ერთხელ ვამბობ, 2000-წლოვანი მართლმადიდებლური ტრადიციის ქვეყანაში ვერავინ ვერ მოახვევს თავს ქართველს ვერანაირ პროპაგანდას. ყველა შემთხვევაში, ჯერ უნდა ვნახოთ კანონი. ზეპირად განცხადებების შეფასება, მგონი არ იქნება სწორი. არსად გავრბივართ. ჩვენ ამ პროცესზე გვექნება ჩვენი პოზიცია", - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

პარტია "საქართველოსთვის" წევრის, ანა ბუჩუკურის განცხადებით, ყველა სახის პროპაგანდა ცუდია, განსაკუთრებით, ბავშვების წინააღმდეგ მიმართული პროპაგანდა, ხოლო მთავარი პროპაგანდისტი "ქართული ოცნებაა"

"პროპაგანდა არის ყველა ცუდი. რამდენიმე ხანია ვამბობთ, რომ ჩავერთვებით. აგერ ვართ, ოდით ხალხნო. მეტი რა უნდა ვთქვათ. ყველა პროპაგანდა ცუდია, განსაკუთრებით ბავშვების წინააღმდეგ მიმართული პროპაგანდა. მთავარი პროპაგანდისტი არის "ოცნება", - განაცხადა ანა ბუჩუკურმა.

 

დღის ამბები