27 აპრილი 2024,   10:29
ვრცლად
Bild: ბიბლიოთეკების ძარცვის საქმეში ევროპოლი ჩაერთო - გავლენიანი გამოცემა საქართველოს რამდენიმე მოქალაქეზე წერს

გავლენიანი გერმანული გამოცემა Bild ევროპის რამდენიმე ქვეყანაში ბიბლიოთეკების მასობრივი ძარცვის შესახებ წერს.

"Bild დამნაშავეების კვალს მიჰყვა" - ასე იწყება ვრცელი სტატია, სადაც ნახსენებია "რუსთავი 2"-ის მიერ მომზადებული რეპორტაჟი უნიკალური და ძვირადღირებული წიგნების ქურდობის შესახებ.

"თბილისი, საქართველო, 2022 წლის გაზაფხული... კაცი და ქალი სხედან გრიშაშვილის ბიბლიოთეკის სამკითხველო ოთახში. სავარაუდო მეცნიერი წიგნებშია ჩაფლული. ქალი ორსულადაა, რომელიც ბიბლიოთეკის თანამშრომელს სთხოვს ჭიქა წყალს, ამ დროს წყვილი  სამკითხველოდან იპარავს 1826 წლის პუშკინის ორ ძვირფას წიგნს. ეს არის ევროპაში უპრეცედენტო ქურდობის მხოლოდ დასაწყისი. შედეგი: უზარმაზარი კულტურული და ისტორიული ზარალი და მილიონები", - წერს "რუსთავი 2"-ის ინფორმაციაზე დაყრდნობით Bild.

გამოცემის ინფორმაციით, ბოლო ქურდობა, მიმდინარე წლის იანვარში, ბერლინისა და მიუნხენის სახელმწიფო ბიბლიოთეკებს შეეხო. BILD-ის კითხვაზე, ბერლინისა და ბავარიის სახელმწიფო კრიმინალური პოლიციის ოფისები განმარტავენ, რომ ისინი ჩართულნი არიან ევროპის მასშტაბით მიმდინარე გამოძიებაში პროკურატურასთან ერთად. ფედერალური კრიმინალური პოლიციის ოფისი ასევე უდასტურებს BILD-ს, რომ ამ საქმეზე სხვადასხვა ქვეყნის სამართალდამცველები ევროპოლის ჩართულობით აქტიურად თანამშრომლობენ.

რენე ალონჟე, ბერლინის ხელოვნების დანაშაულის დეპარტამენტის მთავარი დეტექტივი: "ფენომენი ახალია. ქურდობის შედეგად მიყენებული ზიანი კი საკმაოდ დიდი. დამნაშავეებს რისკზე წასვლა უღირთ".

Bild  წერს, რომ მძარცველების სამიზნე 2022 წლიდან გახდა ძველი რუსი კლასიკოსები, როგორიცაა პუშკინი, გოგოლი და ლერმონტოვი. მათი ავტორობით რარიტეტული გამოცემები გაქრა ბიბლიოთეკებიდან მთელი ევროპის მასშტაბით. წიგნის მაფია იპარავს ძვირფას წიგნებს და ტოვებს ასლებს, რომლებსაც დედანისგან ძნელად განასხვავებთ.

გერმანული გამოცემის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში ვკითხულობთ:

"როდესაც 2023 წლის 20 ნოემბერს საფრანგეთში სამი ეჭვმიტანილი - ორი ქალი და მამაკაცი "საქართველოდან" დააკავეს, გაირკვა, რომ არსებობს კავშირი ბიბლიოთეკების წინა ქურდობებთან პოლონეთში, ლიტვაში, ესტონეთსა და შვეიცარიაში. გამომძიებლები ვარაუდობენ, რომ ეს არის ორგანიზებული ბანდა საქართველოდან. BILD-ის კითხვაზე, საფრანგეთის ეროვნულმა პოლიციამ დაადასტურა მიმდინარე გამოძიება. ქართული ტელეარხის, "რუსთავი 2"-ის ცნობით, ბრალდებულებმა (24, 26 და 44 წლის ასაკის მოქალაქეები) ლიონში 2023 წლის 3 ივლისს მოიპარეს პუშკინის ათი წიგნი, მათ შორის 1825 წლის "ბორის გოდუნოვის" პირველი გამოცემა. სავარაუდო ღირებულება: 70 000 ევრო.

სულ რაღაც სამი თვის შემდეგ, 2023 წლის 10 ოქტომბერს, ორი მამაკაცი ცდილობდა მოეპარა პუშკინის წიგნები პარიზის BULAC-ის ბიბლიოთეკის რუსული კოლექციიდან - მათ გეგმა ვერ განახორციელეს და დაწესებულება წიგნების გარეშე დატოვეს. დაახლოებით ორი კვირის შემდეგ, წიგნის მაფიამ BNF ეროვნულ ბიბლიოთეკაში წარმატებით განახორციელა ქურდობა. მოიპარეს ცხრა წიგნი (რვა პუშკინის, ერთი მიხაილ ლერმონტოვის), რომლებიც ყალბი ასლებით შეცვალეს. ზარალი: 650 000 ევროა.

მოგვიანებით ირკვევა, რომ დამნაშავე, 48 წლის ქართველი მიხეილ ზ. ბიბლიოთეკაში 40- ჯერ ყოფილა. 2023 წლის 8 ნოემბერს ის ბრიუსელის აეროპორტში (ბელგია) დააკავეს. გამომძიებლები ვარაუდობენ, რომ ის ასევე მონაწილეობდა ქურდობაში ვარშავასა და ვილნიუსში.

პუშკინის გამოცემები მოიპარეს BGE ბიბლიოთეკიდან ჟენევაში (შვეიცარია). BGE-ს პრესსპიკერი მარკიო ნუნესი BILD-ს უდასტურებს, რომ ამ საქმეზე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. ”ჩვენ გავაძლიერეთ ბიბლიოთეკის უსაფრთხოების ზომები ქურდობის შემდეგ", - ამბობს მარკიო ნუნესი.

პოლონეთში, ვარშავის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი ანა ვოლოდკო დაუდევრობის მოტივით სამსახურიდან გაათავისუფლეს. BILD-ს ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ ის პოლონეთის პოლიციამ გააფრთხილა, შესაბამისი დამცავი ზომები არ მიიღო.

იმავდროულად, პოლონეთის პროკურატურამ საქართველოს ორ მოქალაქეს - მამაკაცსა და ქალს ბრალი წაუყენა. უწყებაში დეტალებზე კომენტარს არ აკეთებენ.

რუსული პოლიტიკის ექსპერტი და ვარშავის უნივერსიტეტის პროფესორი, ჰიერონიმ გრალა უნივერსიტეტს ზიანის შეფასებაში ეხმარება. მან BILD-ს უთხრა: "სამწუხაროდ, მოპარულ ნამუშევრებში შედის პუშკინის, ლერმონტოვის, გოგოლის, რადიშჩევის, ასევე შევჩენკოს მრავალი პირველი გამოცემა".

ბიბლიოთეკიდან უნიკალური წიგნების მოპარვის საქმე განიხილა ესტონეთის სასამართლომაც. ეს მას შემდეგ, რაც ტარტუს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის რვა წიგნი 2022 წლის აპრილში უსარგებლო ასლებით შეცვალეს. ქართველ ბექა ცირეკიძეს 2024 წლის 29 იანვარს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა და 158 000 ევროს ოდენობის კომპენსაცია შეეფარდა. ესტონეთის პროკურატურის ცნობით, მან წიგნები მოიპარა მეორე ეჭვმიტანილთან ერთად, რომელიც ჯერ არ არის გამოვლენილი.

"რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, ბექა ცირეკიძეზე საქმეს საქართველოს პროკურატურაც იძიებს. როგორც ამბობენ, მან და მისმა ორსულმა თანამზრახველმა წიგნები გრიშაშვილის ბიბლიოთეკის მუზეუმიდან წაიღეს.

2022 წლის აპრილში, რიგაში (ლატვია) ეროვნული ბიბლიოთეკიდან სამი წიგნი მოიპარეს. ფაქტზე საქართველოს მოქალაქეს ექვსთვიანი პატიმრობა მიუსაჯეს. კიდევ ერთ მამაკაცს ამ დრომდე ეძებენ. ლატვიის პოლიციის წარმომადგენელი გიტა გზიბოვსკა  BILD-ს უდასტურებს, რომ ძებნილი მამაკაცი საქართველოს მოქალაქეა", - წერს BILD.

დასრულდა, თუ არა უნიკალური წიგნების ქურდობების სერია? - გერმანული გამოცემა სტატიის დასკვნით ნაწილში აღნიშნავს, რომ "ბოლო თავი, სავარაუდოდ, ჯერ არ დაწერილა".

დღის ამბები