ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტმა, პირველად ფიზიკურად მოიწვია ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები, რომლებმაც დეპუტატებთან განიხილეს ორგანიზაციის გაფართოების საკითხი.
ძირითადი გზავნილი - ევროკავშირისთვის გეოსტრატეგიული მნიშვნელობა აქვს გაფართოებას, რომ ყველა ქვეყანამ, ვისაც სურს გახდეს წევრი, უნდა იცოდეს, რომ ეს არის დაფუძნებული ვალდებულებების შესრულებაზე. მინისტრებმა მიმართეს წევრი ქვეყნების ლიდერებს, რეგიონში არსებული ვითარებიდან გამომდინარე დაჩქარდეს ევროკავშირის გაფართოების ტემპი.
პარალელურად, ევროპარლამენტში ევრონესტის შეხვედრა იმართება, რომელსაც ქართული დელეგაცია ესწრება.
ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მარკუს ცაჰკნას განცხადებით, რუსეთმა საკუთარი სახე 2008 წელს გამოავლინა.
"რუსეთის აგრესია ორი წლის წინ არ დაწყებულა, მან თავისი სახე გამოავლინა 2008 წელს საქართველოსთან, 2014 წელს უკრაინასთან და ახლა მთელ ევროპას ემუქრება, აქვს სრულმასშტაბიანი ომი, ხოცავს ბავშვებს და არღვევს ყველა საერთაშორისო სამართლის კანონს. ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ თავისუფლებისთვის, ამისთვის კი ჩვენ ივნისის ბოლომდე უნდა გადავდგათ ქმედითი ნაბიჯები ევროკავშირის გაფართოების საკითხთან დაკავშირებით - ეს შეეხება არა მარტო უკრაინას და მოლდოვას, საქართველოსაც, რომელსაც კანდიდატის სტატუსი აქვს მინიჭებული. იმედი მაქვს მოლაპარაკებები სწრაფ ტემპში გაგრძელდება და ევროკავშირი გადაწყვეტილებებს მალე მიიღებს", - აცხადებს ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი.