16 ნოემბერი 2024,   07:49
ვრცლად
ვეტოს დაძლევის შემდეგ იქნება ერთპარტიული ცესკო, რომელიც საფუძველშივე ეწინააღმდეგება ევროკავშირისა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს - რომან გოცირიძე

პარლამენტში პრეზიდენტის ვეტოს დასაძლევად კენჭისყრა დღეს გაიმართება. გადაწყვეტილებას 76 ხმა სჭირდება, უმრავლესობას კი ამისთვის ხმების საკმარისი რაოდენობა აქვს.

პრეზიდენტის პოზიციას იზიარებს ოპოზიციის ნაწილი - "ნაციონალურ მოძრაობაში" მიაჩნიათ, რომ "ქართული ოცნება" ვეტოს დაძლევს, თუმცა ვერ დაძლევს იმ პრობლემებს, რაც ქვეყანაში არსებობს.

"ქართული ოცნება" აუცილებლად დაძლევს ვეტოს, რომელიც სამართლიანად გამოიყენა საქართველოს პრეზიდენტმა, მაგრამ ძალიან ვვწუხვართ, რომ "ქართული ოცნება" ვერ დაძლევს იმ რეალურ გამოწვევებს, რაც დგას ჩვენი მოქალაქეების წინაშე; ვერ დაძლევს და ვერ მოაგვარებს იმ დიდ პრობლემას, რომელსაც ჰქვია მასობრივი ემიგრაცია ამ ქვეყნიდან, ფასების ზრდა და ის მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა, რომელშიც არის ჩვენი ქვეყანა", - აცხადებს პარლამენტის ფრაქციის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-ძალა ერთობაშია" წევრი დავით კირკიტაძე.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ევროოპტიმისტები" თავმჯდომარე რომან გოცირიძე მიიჩნევს, რომ ვეტოს დაძლევის შემდეგ ცესკო ერთპარტიული გახდება.

"დღეს პრეზიდენტს აქვს ცესკოს თავმჯდომარის წარდგენის უფლება. ოპოზიციას გვაქვს რაღაც პატარა უფლებები 90% -ით დამტკიცებისა და გარდა ამისა, ოპოზიციას ჰყავდა მოადგილე. ამ ვეტოს დაძლევის შემდეგ ეს ყველაფერი გაქრება და იქნება ერთპარტიული ცესკო, რომელიც საფუძველშივე ეწინააღმდეგება ევროკავშირისა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს", - განაცხადა რომან გოცირიძემ.

დღის ამბები