საქართველო ევროინტეგრაციის პროცესში კარგ გზაზეა - აცხადებენ სლოვენიის და ლატვიის პირველი დიპლომატები. ევროკავშირის გაფართოება - ეს ევროპარლამენტში მიმდინარე შეხვედრების მთავარი თემაა.
სლოვენიის საგარეო საქმეთა მინისტრი ტანია ფაიონი საქართველოს ულოცავს მნიშვნელოვან ნაბიჯს, რომელიც ქვეყანამ ევროკავშირისკენ გადადგა.
"ვფიქრობ გეოსტრატეგიული მნიშვნელობის საკითხია გაფართოება, ძლიერი და ერთიანი ევროპა. ჩვენ აღმოსავლეთ პარტნიორებთან და დასავლეთ ბალკანეთთან ერთად გვინდა ძლიერი ევროპა, რადგან ვხედავთ რაც ხდება მსოფლიოში. ვულოცავ საქართველოს მნიშვნელოვან ნაბიჯს. ზოგი შეიძლება ამ ნაბიჯს სიმბოლურადაც მიიჩნევდეს, თუმცა აქ მთავარია თუ როგორ შესაბამისობაში ხარ ყველა აუცილებელ კრიტერიუმთან, როგორ ატარებ რეფორმებს და აუმჯობესებ ხალხის ცხოვრებას. საქართველო კარგ გზაზეა. სლოვენია თავის გამოცდილებით ყოველთვის მხარს დაგიჭერთ. მე ვხედავ საქართველოს მომავალს გაერთიანებინაში, თუმცა ყველაფერი ქვეყნის ქმედებებზეა დამოკიდებული,"- აცხადებს ტანია ფაიონი.
ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი კრიშანის კარინში დადებითად აფასებს ევროპის მხრიდან დაწყებულ მოლაპარაკებებსა და რეფორმებს.
"მოხარული ვარ, რომ ვხედავ ევროპის მხრიდან რეფორმებს და მოლაპარაკების დაწყების პროცესს. კარგი იქნება თუ ეს პროცესი ივნისში ქვეყნების ერთ ნაწილთან თუ დაიწყება, მათ შორის უკრაინასთან, მოლდოვასთან. იმედი მაქვს ბოსნია-ჰერცოგოვინასთანაც. ველით ასევე საქართველოს, რომ ამ პროცესებში წინ წაიწიოს. ევროკავშირი თავის მხრივ ცდილობს აღმოსავლეთის ქვეყნებს დაეხმაროს გაერთიანებაში მოსახვედრად. ჩვენ ვართ გაერთიანება, სადაც ღირებულებებია მთავარი. ლატვიამ თავის დროზე ბევრი რეფორმა გაატარა იმისთვის, რომ ევროკავშირში მოხვედრილიყო. ვიმედოვნებ გაფართოებისთვის 2030 წელი რეალური დროა. საბოლოოდ ეს პროცესზე და ინდივიდუალურად წევრ ქვეყანაზეა დამოკიდებული, რამდენად სწრაფად იმოქმედებენ, იმდენად დაჩქარდება დრო", - აცხადებს კარინში.