16 ნოემბერი 2024,   07:49
ვრცლად
პარლამენტი სალომე ზურაბიშვილის მეხუთე ვეტოს დაძლევს - კენჭისყრის დაწყებამდე საკანონმდებლო ორგანოში კითხვა-პასუხის რეჟიმი იყო

პარლამენტი სალომე ზურაბიშვილის მეხუთე ვეტოს დაძლევს. კენჭისყრა ცოტა ხანში დაიწყება. საარჩევნო კოდექსზე დისკუსია გრძელდება. ხელისუფლების ოპონენტები კანონმდებლობაში განხორციელებულ ცვლილებებს ეწინააღმდეგებიან და პრეზიდენტის პოზიციას იზიარებენ.

"ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ ახალი კანონი ევროპის ცხრა რეკომენდაციის შესრულებას ემსახურება, ვეტოს მიზანი კი ცესკოს დისკრედიტაციაა.

საკანონმდებლო ორგანოში, სადაც საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი დეპუტატების კითხვებს პასუხობდა, ურთიერთშელაპარაკება იყო:

"როგორც ანრი ოხანაშვილმა ბრძანა, ეს არის მეხუთე ვეტო, ვინაიდან ეს არის მეხუთე ვეტო და "ნაციონალური მოძრაობის" ნომერი არის 5, ე.ი. ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი ყოფილა ნაცი. ახლა მე გისვამთ კითხვას, ბატონი ანრი ოხანაშვილი გამოდის თუ არა ნაცი, რადგან აღმოჩნდა, რომ თურმე, ის ცხოვრობს მეხუთე სართულზე,"- აცხადებს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”ევროოპტიმისტები” თავმჯდომარე რომან გოცირიძე.

რომან გოცირიძეს, საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა გიორგი მსხილაძემ უპასუხა:

"დიახ, ეს მეხუთე ვეტოა და მე ამას ვერ გადავახტებოდი და მეხუთე რიცხვს ვერ გამოვტოვებდი, ისევე, როგორც ბატონი ანრი ვერ გამოტოვებდა მეხუთე სართულს, რომელზეც ცხოვრობს, გააჩნია, როდის მიიღო ეს მეხუთე სართული,"- აღნიშნავს საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი გიორგი მსხილაძე.

ანრი ოხანაშვილმა კი პრეზიდენტის წარმომადგენელს შენიშვნა მისცა იმის გამო, რომ ის რომან გოცირიძის ხუმრობას აჰყვა და დეპუტატების კითხვებს არასერიოზულად პასუხობს:

"ბატონი რომანის უნიჭო ხუმრობას აჰყევით, სართულების მთვლელი ხართ, თუ ვინ ხართ, თანამდებობრივად უნდა ხვდებოდეთ, სად ხართ მოსული და დეპუტატის დასმულ შეკითხვას გასცეთ პასუხი,"- აცხადებს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი.

დღის ამბები