16 ნოემბერი 2024,   07:38
ვრცლად
ვეტოს გამოყენებით, რეალურად, მიმდინარეობს სახელმწიფო ინსტიტუტების დასუსტებისა და დაშლის ოპერაცია "ნაციონალური მოძრაობის" მიერ, პრეზიდენტად წოდებული ზურაბიშვილის ხელით - ანრი ოხანაშვილი

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილის შეფასებით, საარჩევნო ადმინისტრაციის ფორმირების წესზე პრეზიდენტის ვეტოს გამოყენებით, "მიმდინარეობს სახელმწიფო ინსტიტუტების დასუსტებისა და დაშლის ოპერაცია "ნაციონალური მოძრაობის“ მიერ, პრეზიდენტად წოდებული ზურაბიშვილის ხელით".

"როდესაც ოპოზიციას არ აქვს ხალხის ნდობა და როდესაც არ გაქვს იმედი არჩევნებში გამარჯვების, ან სათანადო მხარდაჭერის მოპოვების, რა თქმა უნდა, ცდილობ გადადგა რადიკალური ნაბიჯები. ეს რადიკალური ნაბიჯები არის სახელმწიფო ინსტიტუტებზე მიზანმიმართულად შეტევა და დასუსტება. ეს დღეს ვიხილეთ. ეს არის მორიგი გამოვლინება ვეტოს მეშვეობით“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საარჩევნო ადმინისტრაციის ფორმირების წესზე პრეზიდენტის ვეტოს განხილვის მიმდინარეობისას.

მისი თქმით, დღეს ოპოზიცია, საარჩევნო ცვლილებებთან დაკავშირებით, ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ ცესკოს თავმჯდომარე 2/3 ან 3/5-ით უნდა იყოს არჩეული და ეს მაშინ, როდესაც "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში ყოფნის დროს არცერთი შემთხვევა არ ყოფილა, რომ მათ აერჩიათ ცესკოს თავმჯდომარე, ან ვინმეს ფიქრად გაევლო, რომ ცესკოს თავმჯდომარე არალეგიტიმურია, რადგან აირჩევა უმრავლესობით.

"ხალხი უმრავლესობით ირჩევდა ცესკოს თავმჯდომარეს და ახლა, ოპოზიციაში ყოფნის დროს, გაუჩნდათ აზრი, რომ ეს არ ვარგა და შევცვალოთო. იუსტიციის საბჭოს წევრების არჩევაზე გვეუბნებიან, რომ კვალიფიციური უმრავლესობით უნდა აირჩიოთო. მოსამართლეების არჩევის საკითხი როდესაც იდგა უზენაეს სასამართლოში, გვეუბნებოდნენ, რომ არ აგვერჩია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები, ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი უნდა იყოს არჩეული კვალიფიციური უმრავლესობითო. ბოლოს იქამდე მივიდნენ, რომ დეოლიგარქიზაციის საკითხი თუ დადგება დღის წესრიგში, ოპოზიციის შიგნით უმრავლესობის მხარდაჭერა თუ არ ექნება ამ საკითხს, მაშინ საკითხი გადაწყვეტილად არ იყოს მიჩნეულიო. საბოლოოდ მივდივართ იქამდე, რომ ოპოზიციიდან უნდათ ხელისუფლებაში ყოფნა. ოპოზიციაში არიან, ხალხის მანდატი არ აქვთ, იმედი ხალხის ნდობის და მხარდაჭერის არ აქვთ და იპოვეს გამოსავალი - როგორ შეიძლება ხელისუფლებაში მოსვლა. მაშინ ხელისუფლებაში ყოფნას რა აზრი აქვს, თუკი გადაწყვეტილების მიღების უნარი არ გაქვს?!“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

როგორც ანრი ოხანაშვილმა აღნიშნა, ეს ყველაფერი ხდება იმისთვის, რომ დასუსტდეს სახელმწიფო ინსტიტუტები, მათდამი საზოგადოების ნდობა შესუსტდეს და შედეგად ხალხი კონფლიქტში მოვიდეს ხელისუფლებასთან, რათა იქნებ ამით მაინც შეძლონ ხელისუფლებაში მოსვლა და „ქართული ოცნების“ ხელისუფლებიდან გასტუმრება. მისივე თქმით, დღეს გამომსვლელების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, აღარავის უნდა ეპარებოდეს ეჭვი იმაში, რომ ეს „ნაციონალური მოძრაობის“ ვეტოა და ამაზე თვით ფაქტები მეტყველებენ.

"და ამას აკეთებენ ქალბატონის სახელით, რომელიც ასოცირდება ჭეშმარიტ ევროპულ ღირებულებებთან. ჭეშმარიტ ევროპულ ღირებულებებთან ასოცირება ნიშნავს უპირველესად სახელმწიფოსადმი პატივისცემას, ჩვენ კი ვიხილეთ, როგორი დამოკიდებულება და პატივისცემა გამოავლინა მან პრეზიდენტის ინსტიტუტის მიმართ. მან ყველაფერი გააკეთა, რომ პრეზიდენტის ინსტიტუტი ფეხქვეშ გაეთელა, კონსტიტუცია მიზანმიმართულად დაარღვია. ეს ქალბატონი საბოლოოდ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადასტურებულია კონსტიტუციის დამრღვევად. დასკვნის გაკეთება მარტივია, პირი, რომელიც ექვსი წლის ვადით არის არჩეული თანამდებობაზე, მოგვიწოდებს პირის ექვსი თვის ვადით არჩევა უფრო სწორია, და ეს ლოგიკაში თუ ჯდება, საზოგადოებამ განსაჯოს. ამ პირმა შეძლო და დაუპირისპირდა ყველა სახელისუფლებო შტოს, ყველა კონსტიტუციურ ორგანოს, ცდილობს დისკრედიტაციას საკონსტიტუციო სასამართლოსი, იუსტიციის უმაღლესი საბჭოსი, მოსამართლეების. ხოლო იმას, არის თუ არა ეს "ნაციონალური მოძრაობის" ვეტო, ბევრი ახსნა არ სჭირდება, ამაზე მეტყველებს ფაქტები. სალომე ზურაბიშვილმა კონსტიტუცია დაარღვია ერთადერთი იმედით - რომ "ნაციონალური მოძრაობა“ მას გადაეფარებოდა ფარად და ჩვენ აქ ვიხილეთ დაფიქსირებული შედეგი - რომ არა "ნაციონალური მოძრაობის" გადაფარება სალომე ზურაბიშვილზე, ის დღეს პრეზიდენტი აღარ იქნებოდა. ჩვენი მიზანია, ინსტიტუციებმა იმუშაონ გამართულად და რადიკალურ ჯგუფებს არ მივცეთ მათი მოშლის შესაძლებლობას. ჩვენი მიზანია ცესკომ იმუშაოს გამართულად, ისე როგორც ეს ხდება ევროკავშირის ქვეყნებში - თავისი საქმიანობა წარმართოს საერთაშორისო სტანდარტებით, მიუკერძოებლად, გამჭვირვალედ“, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ.

დღის ამბები