"ხალხის ძალის" ერთ-ერთ ლიდერს ამერიკის მიერ საქართველოსთვის გაწეული ფინანსური დახმარების მიზნობრიობაზე კითხვები აქვს. გურამ მაჭარაშვილმა დღეს ის წერილიც გაიხსენა, რომელშიც პარტიის წევრებმა, 30 წლის განმავლობაში, ამერიკის მიერ გამოყოფილი თანხები დათვალეს. საერთო ჯამში, ამერიკულმა დაფინანსებამ 4,5 მილიარდი შეადგინა. აქედან 2013-2021 წლებში, ამერიკიდან საქართველოში მხოლოდ 1,15 მილიარდი დოლარი შემოვიდა. ამ თანხის მნიშვნელოვანი ნაწილი კი 700 მილიონ დოლარზე მეტი, როგორც "ხალხის ძალაში" ამბობენ, "ენჯეოების" საქმიანობას მოხმარდა.
სტრატეგიული პარტნიორების მისამართით "ხალხის ძალის" რიტორიკა მიუღებელია ოპოზიციისთვის. ოპონენტების საპასუხოდ, ამბობენ, რომ ამერიკის ფინანსური დახმარება საქართველოს ინსტიტუციური განვითარებისთვის მნიშვნელოვანია.
სად მიდის და რაში იხარჯება ამერიკული ფული? საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა დღეს თქვა, რომ არასამთავრობო სექტორი უცხოეთიდან მიღებულ დაფინანსებას გაუმჭვირვალედ ხარჯავს.
დაფინანსება არ არის ის ერთადერთი საკითხი, რომელთან დაკავშირებითაც მმართველ გუნდს სტრატეგიულ პარტნიორთან კითხვები აქვს. პირდაპირი ფრენები, უვიზო მიმოსვლა, თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება - სახელისუფლებო გუნდი შტატებისგან კონკრეტულ გადაწყვეტილებებს ელოდება. "ქართული ოცნების" პოზიციას იზიარებენ "გირჩში", სადაც ამბობენ, რომ საქართველოს მოქალაქეები ამერიკის ტერიტორიაზე შეუფერხებლად უნდა გადაადგილდებოდნენ.
პარტნიორული ურთიერთობა უფრო მკაფიოდ უნდა აისახოს პოლიტიკურ-ეკონომიკურ ფაქტორებში - ასეთია პარლამენტის თავმჯდომარის პოზიცია. პარტნიორობა და მეგობრობა, "ქართული ოცნების" ლიდერების შეფასებით, ორმხრივ ფორმატზე უნდა იყოს დაფუძნებული.
სახელისუფლებო გუნდში დღეს კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ აშშ-თან სტრატეგიული ურთიერთობის ახალ პოლიტიკურ ნიშნულზე გადასასვლელად მზად არიან.