შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურის ანგარიშის შემდეგ, სასესიო დარბაზში შეკითხვები დეპუტატებმა დასვეს, რის მერეც, სხდომაზე შესვენება გამოცხადდა. შეხვედრა, მინისტრის საათის ფორმატში, სულ რამდენიმე წუთის წინ განახლდა. შინაგან საქმეთა მინისტრი უკვე შეკითხვებს პასუხობს.
რა თემებით დაინტერესდნენ ოპოზიციისა და უმრავლესობის წევრები - ხელისუფლების ოპონენტების ძირითადი კითხვები მიგრაციას შეეხებოდა. ოპოზიციის წევრებს პანდემიის შემდგომი პერიოდიდან, ქვეყნიდან გასული და შემოსული მოქალაქეების ზუსტი სტატისტიკა აინტერესებდათ.
"თქვენ პირადად და ინსტიტუციურად ვალდებული ხართ გასცეთ კითხვას პასუხი - გაზრდილი ფასებისა და უმუშევრობის გამო, რატომ უწევს ასიათასობით საქართველოს მოქალაქეს იძულებით ემიგრაციაში წასვლა საზღვარგარეთ სამუშაოს საძიებლად," - მიმართა ენმ-ის ერთ-ერთმა ლიდერმა, თინა ბოკუჩავამ შს მინისტრს.
ამასთან, "გირჩის" წევრმა, იაგო ხვიჩიამ მინისტრს მიმართა, ხომ არ მიაჩნია სწორად, გადაიხედოს საკითხი, "სადაც ნებისმიერ პრობლემაზე ჯარიმების გაზრდა და აკრძალვა წესდება". მისი შეფასებით, პრობლემის მოგვარება ჯარიმებით და აკრძალვებით ვერ მოხერხდება.
პარტია "ლელოს" წევრებს კი კითხვები შოვში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით ჰქონდათ.
რაც შეეხება მმართველ გუნდს, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ნინო წილოსანი დაინტერესდა, თუ რას აპირებს საგამოძიებო უწყება ელექტრონული სამაჯურების კიდევ უფრო პრაქტიკაში გამოყენებისთვის.