ქართული ოპოზიციისა და უკრაინის დელეგაციის უარის გამო, ევრონესტი ვერ მიიღებს რეზოლუციას საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროინტეგრაციის მხარდაჭერის შესახებ.
"ქართული ოცნების" ინიციატივა ევრონესტზე ხმების არასაკმარისი რაოდენობის გამო ვერ გავიდა. ინიციატივას ხელი არ მოაწერეს ოპოზიციისა და უკრაინის დელეგაციის წევრებმა. დოკუმენტში იყო მოწოდება, რომ ევროკავშირს სასწრაფოდ გაეხსნა მოლაპარაკებები 3 კანდიდატი ქვეყნისთვის.
ინიციატივას მხოლოდ "ქართული ოცნების" დეპუტატები და მოლდოვის დელეგაციის წევრები დათანხმდნენ.
რატომ არ მოაწერა ხელი ოპოზიციამ ინიციატივას, რომელიც ქვეყნის ევროინტეგრაციის დაჩქარებას ეხებოდა - ოპოზიცია კონკრეტულ მიზეზებს არ ასახელებს.
"ეს არის დიდი ტყუილი. არცერთ ევროპარლამენტარს არ მოუწერია ხელი და აქ არის თანაინიცირებაზე საუბარი. როგორ შეიძლება, რომ იგივე დღეს შენ იღებდე ანტიევროპულ კანონს ცესკოსა და საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით და მერე ევროპარლამენტარებს ეუბნებოდე, რომ ხელი მომიწერე რაღაცაზე? არ გამოდის ასე,“ - აცხადებს "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე.
საქართველოს ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის განმარტებით, პოლიტიკური ოპონენტები ქვეყნის ინტერესების საზიანოდ ყველაფერს აკეთებენ და ეს ფაქტიც ამის დასტურია.
"უბრალოდ, არაპროფესიონალიზმია, ტექსტზე, რომელიც ოფიციალურად იყო გავრცელებული და პოლიტიკურ ჯგუფებში უკვე განხილული წინა საღამოს, თქვა, რომ არ იცოდნენ რამე ამის შესახებ.
ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ ამ პროექტის იმედად არ ვყოფილვართ. გვქონდა ცვლილება წარმოდგენილი საქართველოს რეგიონების ოკუპაციასთან დაკავშირებით, რაც ასახულია პოლიტიკური კომიტეტის პროექტში. სოციალური კომიტეტის მიერ წარმოდგენილ პროექტში, ასევე ჩვენი ინიციატივით, ასახულია ის ძალისხმევა, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ გასწია უკრაინელი ლტოლვილების დასახმარებლად , განსაკუთრებით ბავშვებისთვის, რომ მათ შესაძლებლობა ჰქონოდათ სკოლებში სწავლების. სხვათა შორის, არც ამ ცვლილებას არ აქვს ოპოზიციის მხარდაჭერა, მიუხედავად იმისა, რომ ამისთვის საკმარისი დრო არსებობდა მათ მხარდაჭერა გამოეცხადებინათ, კომიტეტის 18 წევრმა დაუჭირა მხარი საქართველოს ცვლილებას, თუმცა მას არა აქვს ოპოზიციის წარმომადგენლის მხარდაჭერა,“ - აცხადებს ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაზე (EURONEST PA) საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელი მაკა ბოჭორიშვილი.
ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაზე (EURONEST PA) საქართველოს საპარლამენტო დელეგეციის წევრის მაია ბითაძის განმარტებით, ოპოზიციის წევრები რეზოლუციის თანაინიციატორები მხოლოდ იმიტომ არ გახდნენ, რომ რეზოლუცია "ქართული ოცნების" მიერ იყო დაინიცირებული.
"ამ რეზოლუციის ინიციატორები არ გახდნენ ჩვენი ოპოზიციის წევრები მხოლოდ და მხოლოდ იქიდან გამომდინარე, რომ ეს იყო "ქართული ოცნების" დელეგაციის მიერ დაინიცირებული, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რომ ჩვენი ოპოზიციონერები არ ტოვებენ შანსს, რომ ამ ქვეყნის ევროინტეგრაციას ზიანი არ მიაყენონ მაშინ, როდესაც მოლდოვის დელეგაცია იყო თანაავტორი ჩვენთან ერთად ამ რეზოლუციის და გვჭირდებოდა 10 ხელმოწერა იმისთვის, რომ დაინიცირებულიყო და პროცედურები დაწყებულიყო.
ასევე, ძალიან სამწუხაროა უკრაინული დელეგაციის განცხადება, რომელშიც ხმამაღლა გააჟღერეს, რომ ისინი მხარს დაუჭერდნენ საბოლოო კენჭისყრის დროს, მაგრამ არ გახდნენ თანაინიციატორები მხოლოდ იმიტომ, რომ არსებობს მათი მოსაზრებით ჭორები, რომ საქართველო, თურმე, არის გამოყენებული როგორც რუსეთის სანქციების თავის ასარიდებელი საშუალებად,“ - აცხადებს მაია ბითაძე.