"თქვენს ზრდილობას მიხედეთ" - ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა ოდიშარიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ოპოზიციონერ დეპუტატს, ანა ნაცვლიშვილს.
ნაცვლიშვილმა ნინო წილოსანის საკანონმდებლო ინიციატივის განხილვის დროს, სესიაზე ხმაური გააპროტესტა და სხდომის წამყვანს სთხოვა უმრავლესობის წევრებს მომხსენებლისთვის მოესმინათ. კამათი სწორედ ამას მოჰყვა.
"ბატონო შალვა, სხდომათა დარბაზში საშინელი ხმაურია. იქნებ, თქვენივე უმრავლესობის წევრებს მაინც მოუწოდოთ, რომ გუნდის წევრსა და ვიცე-სპიკერს პატივი სცენ, როდესაც ის ტრიბუნასთან დგას და მოუსმინონ," - მიმართა შალვა პაპუაშვილს ანა ნაცვლიშვილმა.
ნაცვლიშვილს ბექა ოდიშარიამ უპასუხა:
"ქალბატონო ანა, დაანებეთ ამ მასწავლებლობას თავი, რა! სხვათა შორის, სანამ ჩვენ ზრდილობაზე დაიწყებთ რაიმე აზრების გამოთქმას, თქვენს ზრდილობას მიხედეთ, რა - უსმინეთ თქვენს გამოსვლებს ტრიბუნიდან - როგორ, რა ლექსიკით ესაუბრებით კოლეგებს ან პოლიტიკურ "ისტებლიშმენტზე“ როგორ საუბრობთ, რა! ქალი ხართ და არ გეკადრებათ - ცოტა გაუფრთხილდით მანდილის ღირსებას, რა!," - მიმართა ბექა ოდიშარიამ ანა ნაცვლიშვილს.