პარლამენტი შინაგან საქმეთა მინისტრს უსმენს. ვახტანგ გომელაურს უკვე დაუსვეს კითხვები. ოპოზიციის წარმომადგენლებმა მინისტრს კითხვები მიგრაციის თემასთან დაკავშირებით დაუსვეს.
ამ საკითხით დაინტერესდა პარლამენტის ფრაქციის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია" თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავა.
"თქვენ ვალდებული ხართ გასცეთ კითხვას პასუხი, გაზრდილი ფასების და უმუშევრობის გამო, რატომ უწევს საქართველოს ასი ათასობით მოქალაქეს იძულებით ემიგრაციაში წასვლა საზღვარგარეთ სამუშაოს საძიებლად," - მიმართა მინისტრს თინა ბოკუჩავამ.
ვახტანგ გომელაურმა განაცხადა, რომ არასწორია მონაცემი, თითქოს 2012 წლის შემდეგ საქართველოდან 800 ათასი მოქალაქე წავიდა. მისი თქმით, ესაა ქვეყნიდან გამსვლელთა საერთო რაოდენობა, რომელთაგან დიდი ნაწილი უკან შემოვიდა.
მისი თქმით, მიგრაციის კუთხით სტატისტიკას აკეთებს საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური და არა შინაგან საქმეთა სამინისტრო.
"შინაგან საქმეთა სამინისტრო მიგრაციის კუთხით, ნამდვილად არ ითვლის და სტატისტიკა ჩვენ არ გაგვაჩნია. საქსტატს აქვს გაკეთებული 2003 წლიდან დღემდე. 2012 წლამდე 247 585 ადამიანია გასული, რაც საქსტატმა მოგვაწოდა, ეს ჩვენი დათვლილი არ არის. პირიქით, გვაქვს მატება – 2013 წლიდან 2022 წლის ჩათვლით 2 420 ადამიანის შემოსვლა სააქართველოში. 800 ათასი არასწორი ციფრია, არის მთლიანად ვინ გავიდა, მათ შორის მეც, თქვენც და იგივე შემოვიდა. შეიძლება 2 ათასით ნაკლებია შემოსული," - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.