16 ნოემბერი 2024,   06:44
ვრცლად
"საქართველოს ჰყავს ევროპული სტანდარტის პოლიცია და შინაგან საქმეთა სამინისტრო" - არჩილ თალაკვაძე

"ყოველ დღე პოლიციელები გადიან სახლიდან მზად იმისთვის, რომ დაუპირისპირდნენ ყველაზე რთულ საფრთხეებს, მთელი დღით ტოვებენ საკუთარ ოჯახებს, რომ დაიცვან სხვისი ოჯახები, რომ ბავშვებმა მშვიდად იარონ სკოლებში, მშობლებმა მშვიდად აკეთონ თავიანთი საქმე და ხანდაზმულმა ადამიანებმა დაცულად იგრძნონ თავი. ეს არის წარმოუდგენლად რთული პროფესია და სჭირდება განსაკუთრებული მხარდაჭერა,"-განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, არჩილ თალაკვაძემ პლენარულ სხდომაზე, სადაც დეპუტატებმა შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს მოუსმინეს.

არჩილ თალაკვაძემ მადლობა გადაუხადა თითოეულ პოლიციელს და მხარდაჭერა გამოხატა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ.

"ქედს ვიხრი გმირი პოლიციელების და მეხანძრე-მაშველების წინაშე, თითოეული თანამშრომლის წინაშე, ვინც პროფესიონალიზმისა და თავდადების მაგალითი მისცა საზოგადოებას. დამნაშავეებმა უნდა იცოდნენ, რომ თავდასხმა თითოეულ პოლიციელზე არის თავდასხმა საზოგადოებასა და სახელმწიფოზე. ამიტომ ამ ბრძოლაშიც ჩვენი უკომპრომისო მხარდაჭერა აქვს შინაგან საქმეთა სამინისტროს.

დღეს ანგარიში ჩაგვაბარა მინისტრმა, რომელიც ასრულებს თავის სიტყვას და მიცემულ პირობებს. შეგახსენებთ, წინა "მინისტრის საათს": რაც მაშინ ისაუბრა ბატონმა ვახტანგ გომელაურმა - პოლიციელებს ექნებათ ახალი აღჭურვილობა, ახალი ინფრასტრუქტურა, გაუმჯობესდება თანამშრომლების სოციალური პირობები და გვექნება პროგრესი დანაშაულთან ბრძოლაში- თითოეული პირობა დღეს შესრულებულია,"-განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მისივე თქმით, საქართველოს პოლიციამ მიიღო ევროპოლის სრულფასოვანი პარტნიორის სტატუსი სწორედ "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში.

ევროპოლმა - ევროპის საპოლიციო სტრუქტურამ - აღიარა, რომ საქართველოს ჰყავს ევროპული სტანდარტების პოლიცია და შინაგან საქმეთა სამინისტრო,"-განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

დღის ამბები