შეტევა კიევზე - გამთენიისას, უკრაინის დედაქალაქზე იერიში რუსმა ოკუპანტებმა რაკეტებით მიიტანეს.
დაშავდა 10 ადამიანი, მათ შორის, ერთი ბავშვი.
კიევის მერის ინფორმაციით, რაკეტის ნამსხვრევები შევჩენკოს, სვიატოშინსკისა და პოდოლსკის რაიონებში ჩამოცვივდა. ცეცხლი უკიდია ავტომანქანებს; ხანძარია საცხოვრებელი კორპუსში. ვიტალი კლიჩკო ასევე წერს, რომ რაკეტის ნამსხვრევები მოხვდა საბავშვო ბაღსაც.
გასულ ღამით შეტევა იყო უკრაინის არაერთ დასახლებაზე: დაიბომბა ხარკოვისა და სუმის ოლქები. არის მსხვერპლი.
იქამდე, კიევში მოულოდნელი ვიზიტის დროს, აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა პირობა დადო, რომ შეფერხების მიუხედავად, ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინას 60 მილიარდი დოლარის დახმარების პაკეტს გადასცემს.
ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა ევროკავშირის ქვეყნებს, გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული შემოსავლების უკრაინის მხარდასაჭერად გამოყენება შესთავაზა.
რუსეთის საგარეო საქმეთა სპიკერმა, მარია ზახაროვამ ბორელის წინადადებას "ბანდიტიზმი და ქურდობა" უწოდა.