16 ნოემბერი 2024,   06:20
ვრცლად
"ნაციონალური მოძრაობა" არის პარტია, რომელსაც სამშობლო არ გააჩნია და ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციას ებრძვის - რატი იონათამიშვილი

მიზანმიმართული ქმედება ქვეყნის ევროინტეგრაციის წინააღმდეგ - მმართველი გუნდი ოპოზიციას მწვავედ აკრიტიკებს. მმართველ პარტიაში მიაჩნიათ, რომ ოპოზიციის მიზანი ქვეყნის დაზიანება და ანტისახელმწიფოებრივი ქმედებებია. ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის გასაკვირი არაა, თუ რატომ არ დაუჭირა მხარი ოპოზიციამ ევრონესტის ასამბლეაზე ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი რეზოლუციის დაინფიცირებას.

"ნაციონალური მოძრაობა" არის პარტია, რომელსაც სამშობლო არ გააჩნია და ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციას ებრძვის. მათ აინტერესებთ მხოლოდ ისეთი რეზოლუციები, რომელიც ჩვენი ქვეყნის საწინააღმდეგოდ იქნება გამოყენებული, მათ შორის, დეზინფორმაციაზე და ფაქტობრივ სიცრუეებზე დაყრდნობილი და არა ისეთი, რომელიც რეალურად არის მხარდამჭერი ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის. შესაბამისად, საზოგადოება ამას ხედავს და ახლა როგორც არ უნდა იმართლონ თავი, საზოგადოება მათ ობიექტურად შეაფასებს და ამ შეფასების შედეგები აისახება 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე.

როდესაც ისინი ებრძვიან საქართველოს, ისინი ამას აკეთებენ მიზანმიმართულად, სხვა კონტექსტი ამას არ გააჩნია. ეს პარტია მოქმედებს არა ჩვენი მოქალაქეების ინტერესებით, არამედ, მათი დამკვეთებისა და სპონსორების მხარდაჭერით," - განაცხადა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა.

პარტია "ხალხის ძალის" აღმასრულებელი მდივნის, გურამ მაჭარაშვილის შეფასებით კი, სამწუხაროდ გასაკვირი არაა, რომ რადიკალური ოპოზიციის წევრებმა მხარი არ დაუჭირეს საქართველოს ევროინტეგრაციის რეზოლუციას. მისი შეფასებით, რადიკალური ოპოზიცია უცხოურ ძალებთან ერთად უკვე ღიად იბრძვის საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ.

ცნობისთვის, ბრიუსელში "ქართული ოცნების" ინიციატივა ოპოზიციამ და უკრაინულმა დელეგაციამ გუშინ ჩააგდო. საჭირო იყო 10 ხმა, რეზოლუციის პროექტს კი მხარი "ოცნებასთან" ერთად, მხოლოდ მოლდოვის დელეგაციამ დაუჭირა. რეზოლუციის ტექსტი საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროინტეგრაციის მხარდაჭერას და პროცესის დაჩქარების ხელშეწყობას ეხებოდა.

დღის ამბები