16 ნოემბერი 2024,   06:36
ვრცლად
"დემოკრატიული რეფორმების ინსტიტუტის" მხრიდან გავრცელებული ინფორმაცია, მარტივად რომ ვთქვათ, ცილისმწამებლურია - გივი მიქანაძე

ევროპული გრანტები დეზინფორმაციის გასავრცელებლად - მმართველი გუნდის განცხადებით, უცხოეთიდან დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციები პირდაპირ გამოიყენება ანტიქართული რიტორიკის და პროპაგანდის გასაძლიერებლად.

ამის ერთ-ერთ მაგალითად, უმრავლესობას, "დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის" მოსაზრებები მოჰყავს. არასამთავრობო ორგანიზაციამ საკუთარი შეხედულება გამოაქვეყნა. დაწერა, რომ საქართველოს მთავრობა არ ასაჯაროებს ურთიერთობას და სავარაუდო კოორდინაციას რუსეთის და ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობასთან. უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე კი, მსგავსი გაუმჭვირვალობა ამყარებს ეჭვს, ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიის რუსეთზე დაკისრებული სანქციების გვერდის ავლის მიზნით შესაძლო გამოყენების შესახებ.

მმართველი გუნდის შეფასებით, ფაქტების გარეშე, მსგავსი ტექსტის გავრცელება, რომელიც მხოლოდ აღქმებს ემყარება, ანტისახელმწიფოებრივი განცხადებაა. "დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის" პროექტებს ამერიკის და ევროპის დემოკრატიის ეროვნული ფონდები აფინანსებენ.

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, გივი მიქანაძის განცხადებით, დემოკრატიული რეფორმების ინსტიტუტის მიერ გავრცელებული ინფორმაცია ცილისმწამებლურია და მათი მიზანია, სახელმწიფოს წინააღმდეგ აგორდეს დეზინფორმაციული კამპანია.

"დემოკრატიული რეფორმების ინსტიტუტი", მგონი ასე ჰქვია ამ ორგანიზაციას, მათი მხრიდან გავრცელებული ინფორმაცია, მარტივად რომ ვთქვათ, ცილისმწამებლურია, ამასთანავე ეს არის სახელმწიფოს, ჩვენი საზოგადოების წინააღმდეგ მიმართული განცხადება, არანაირი საფუძველი, არანაირი მტკიცებულება ამ ინფორმაციის უკან არ დგას, იმიტომ, რომ ბუნებაში არ არსებობს ის, რაზეც ისინი ეჭვით მიანიშნებენ. ეს არის მათი დღის წესრიგი და მათი დამკვეთების პატრონების მხრიდან, შეიძლება ასე ითქვას, პირდაპირ დავალებული მათთვის, რომ მორიგ ჯერზე გავრცელდეს დეზინფორმაცია და აგორდეს კამპანია სახელმწიფოს წინააღმდეგ", - განაცხადა გივი მიქანაძემ.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, რატიო იონათამიშვილის განცხადებით, ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი ქვეყანაში დეზინფორმაციას ავრცელებენ, შესაბამისად მათმა დამფინანსებლებმა უნდა აიღონ პასუხისმგებლობა.

"დეზინფორმაცია არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მტრობა საქართველოს წინააღმდეგ, რასაც აქტიურად მიმართავენ რადიკალური ოპოზიციისა და ურეიტინგო NGO-ბის წარმომადგენლები. ცხადია, ეს შემთხვევით არ ხდება, ამ ადამიანებმა მიზნად დაისახეს, რომ დააზიანონ ჩვენი ქვეყანა და სხვა ინტერესი არ გააჩნიათ. აქ უფრო საინტერესო არის ის, რომ ამ კვლევებს როდესაც ისინი აქვეყნებენ - ვისი დაფინანსებით და ვისი მხარდაჭერით კეთდება ეს ყველაფერი, მათ უნდა აიღონ ეს პასუხისმგებლობა, იმიტომ, რომ გამოდის დეზინფორმაციას აფინანსებენ და ასპონსორებენ ჩვენს ქვეყანაში, შესაბამისად გამჭვირვალეობა არის მნიშვნელოვანი და სწორედ ამას ვამბობდით, როდესაც ვიღებდით კანონს გამჭვირვალეობის შესახებ და ესენი ხელაღებით რუსულ კანონს უნდებოდნენ, რომელსაც არაფერი რუსული არ გააჩნია და იყო პირდაპირი თარგმანი ამერიკული რედაქციის", - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

დღის ამბები