საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის შეფასებით, ევრონეტსის სხდომაზე რეზოლუციის ჩაგდება ოპოზიციის მხრიდან კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ისინი ქვეყნის ევროინტეგრაციის წინააღმდეგ ლობირებენ.
საუბარია ბრიუსელში ევრონესტის ასამბლეაზე რეზოლუციის ინიცირებაზე, რომელიც საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივის და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას ეხებოდა. დოკუმენტს ხელი არ მოაწერა ოპოზიციამ და უკრაინულმა მხარემ, რის გამოც აღნიშნული რეზოლუციის პროექტი ჩავარდა.
"რეალურად, გასაგებია რაშიცაა საქმე - საქმე ეხებოდა საქართველოს, მისი ევროპული კურსის მხარდაჭერას. ამაზე იყო საუბარი შესაბამის დოკუმენტში. როცა ასეთ დოკუმენტს არ უჭერს მხარს ოპოზიცია, გასაგებია, რა არის მათი დამოკიდებულება. კიდევ ერთხელ დაადასტურეს ის, რომ სინამდვილეში ისინი ლობირებენ ჩვენი ევროპული ინტეგრაციის წინააღმდეგ. ეს არის ძალიან სამწუხარო მოვლენა," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.