16 ნოემბერი 2024,   06:17
ვრცლად
თინა ხიდაშელისგან ანტიჩინური განცხადებები გასაკვირი არ არის, რადგან ტაივანიდან მიღებული დაფინანსება რაღაცით უნდა გაამართლოს - გივი მიქანაძე

"რა სურს საქართველოს ხელისუფლებას ჩინეთისგან" - ამ სათაურით ვრცელ მასალას ნეტგაზეთი აქვეყნებს. სტატიის და კვლევის რესპონდენტები ამტკიცებენ, რომ ხელისუფლება აქტიურად იყენებს პროპაგანდას, ჩინეთი საქართველოს ისეთ მეგობრად წარმოაჩინოს, რომელიც როგორც საქართველოს სტრატეგიული მოკავშირე ევროკავშირის ჩანაცვლებას შეძლებს.

სტატიაში "სამოქალაქო იდეის"თავმჯდომარე, თინა ხიდაშელი ამბობს, რომ საზოგადოებრივი აზრის შესაცვლელად, მთავრობის მხრიდან მუდმივად ხდება ჩინეთის პოზიტიურ კონტექსტში წარმოჩენა. ასეთი განცხადებების გამო თავდაცვის ყოფილ მინისტრს მმართველი გუნდი აკრიტიკებს.

"ქართულ ოცნებაში" თინა ხიდაშელის ინტერესებზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ ის ქვეყანაში ანტიჩინურ განწყობებს მიზანმიმართულად აღვივებს, რადგან მისი ორგანიზაცია ტაივანური ფონდებიდან ფინანსდება.

"ქართული ოცნების" წევრის, გივი მიქანაძის თქმით, ფაქტია, რომ ევროკავშირი, ევროპელი ლიდერები და ამერიკა ცდილობენ ჩინეთთან, განსაკუთრებით ეკონომიკური თვალსაზრისით, თანამშრომლობა ჰქონდეთ.

"ტაივანიდან დაფინანსებული ორგანიზაციის მხრიდან მსგავსი განცხადებები და კვლევები გასაკვირი არ არის. მსგავსი განცხადებები ხიდაშელის მხრიდან ლოგიკურია, ვიდრე ის გაჩუმდეს, რადგან ის დაფინანსება, რასაც იღებს ტაივანიდან, რაღაცით უნდა გაამართლოს.

ყველა ცდილობს ჩინეთთან ურთიერთობას, რადგან ჩინეთი არის ეკონომიკის კონტექსტში მსოფლიო გიგანტი. ამ თვალსაზრისით, საქართველოს მხრიდან დიდ მიღწევად უნდა ჩაითვალოს სტრატეგიული პარტნიორობა, რასაც უკვე კონკრეტული შედეგები და უფრო მეტი დაინტერესება აქვს ჩინელი ინვესტორების მხრიდან საქართველოში შემდეგი ინვესტიციების განხორციელების თვალსაზრისით.

ეს იმ სტრატეგიულ პოზიციებს არ ცვლის, რომელიც ქვეყანას აღებული აქვს მთავარ მიზნად და რომლისკენაც კონკრეტულ ნაბიჯებს დგამს, ეს არის ევროკავშირში გაწევრიანება. მათი მცდელობაა, რომ საზოგადოებაში რაღაც აღქმები შექმნან, თითქოს საქართველო ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობით ევროკავშირთან ურთიერთობაზე უარს ამბობს, მაშინ როცა ევროკავშირის პირველი პირები, ეს იქნება ფონ დერ ლაიენი, მიშელი, ბორელი, მაკრონი თუ შოლცი, ჩინეთში ჩასული იყვნენ და მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ ურთიერთობების გაღრმავებაზე. უფრო მეტიც, ევროკავშირისთვის მნიშვნელოვანია შუა კორიდორის პრინციპი, რომლითაც აღმოსავლეთიდან დასავლეთის მიმართულებით ენერგორესურსების გადაზიდვა უნდა ხდებოდეს და აქ საქართველო, აზერბაიჯანთან ერთად, მნიშვნელოვანი პარტნიორები არიან. ამიტომ, მსგავსი განცხადებები მცდელობაა, რომ ეს ურთიერთობები დააზიანონ, თუმცა ვერანაირ ზიანს ვერ მოუტანენ. ისინი კიდევ ერთხელ თავისი თავის იდენტიფიცირებას, ლუსტრაციას ახდენენ," - განაცხადა მიქანაძემ.

დღის ამბები